მეტროში, ვაგონების მოდერნიზაცია აქტიურად მიმდინარეობს - დავით ნარმანია
ამობეჭდვა · 2017-11-09 11:14:00 · 79 ნახვა

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ტრანსპორტის სფეროში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

მისი თქმით, 2014 წლის აგვისტოდან დღემდე თბილისის მერიამ EBRD-ის და E5P-ის ხელშეწყობით ევროსტანდარტების შესაბამისი 143 ახალი ავტობუსი შეიძინა. დავით ნარმანიას განცხადებით, მონტაჟდება ავტობუსის ახალი მოსაცდელები. 

"მოვაწყვეთ ავტობუსის ზოლები, კომფორტული გადაადგილებისათვის. რაც შეეხება მეტროს, თბილისის მეტროში აქტიურად მიმდინარეობს ვაგონების მოდერნიზაცია, საანგარიშო პერიოდში სულ მოდერნიზდა 12 ვაგონი და გარემონტდა 32. გაფორმებულია ხელშეკრულება დამატებით 12 ვაგონის შეკეთებაზე. გარდა ამისა, კაპიტალურად გარემონტდა 2 მეტროსადგური და დაწყებულია რეაბილიტაცია 3 სადგურში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.  

თბილისის მერის თქმით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელშეწყობით გაიხსნა და ამოქმედდა ახალი მეტროსადგური - "სახელმწიფო უნივერსიტეტი“. 

გარდა ამისა, დავით ნარმანიას განცხადებით, აღდგა კუს ტბის საბაგირო გზა; ასევე, შერჩეულია 10 ადგილი მრავალდონიანი ავტოსადგომების მშენებლობისათვის, რაც თბილისის მერის თქმით, ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 


 



ავტორი: MediaMall.ge