დედაქალაქის მასშტაბით, 2014 წლიდან 2017 წლის ბოლომდე 700 000-ზე მეტი ხე-მცენარე დაირგო - დავით ნარმანია
ამობეჭდვა · 2017-11-09 11:17:00 · 102 ნახვა

ჯანსაღი და კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, სამი წლის განმავლობაში მოეწყო 196 ახალი სკვერი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 463-ს. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომელსაც ის ბოლოჯერ უძღვება. როგორც ცნობილია, ახალი მერი, კახა კალაძე უფლებამოსილებას 12 ნოემბრიდან შეასრულებს. 

ნარმანიას თქმით, დედაქალაქის მასშტაბით, 2014 წლიდან 2017 წლის ბოლომდე დაირგო 700 000-ზე მეტი ხე-მცენარე.

16 მისამართზე მოეწყო სრულიად ახალი სარწყავი ქსელი, რეაბილიტაცია განხორციელდა 63 ლოკაციაზე. შევიძინეთ 12 870 ნაგავშემკრები კონტეინერი და 48 ერთეული მძიმე ტექნიკა.

ამასთან, ენერგოეფექტურობის ნაწილში, სხვადასხვა ლოკაციაზე დავამონტაჟეთ 2 284 ცალი ლედ-სანათი და უმნიშვნელოვანესია, რომ განვაახლეთ თბილისის ანძა.

დავით ნარმანიამ კულტურის სფეროში განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა. თბილისის მერის თქმით, კულტურის ნაწილში, 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, საქალაქო სამსახურის დაფინანსებით და მხარდაჭერით განხორციელდა 899 მასშტაბური ღონისძიება, გარდა ამისა, მუზეუმების ეფექტური საქმიანობის და მართვის თანამედროვე სისტემაზე გადასვლის მიზნით, განხორციელდა თბილისის 9 მუზეუმის შერწყმა-გაერთიანება.

რაც შეეხება სპორტს, თბილისის მერის თქმით, საანგარიშო პერიოდში, ქალაქის მასშტაბით, რაიონული გამგეობების მიერ მოეწყო 36 ახალი სპორტული მოედანი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 441-ს. დედაქალაქის ყველა რაიონში მოეწყო ფიტნეს ზონები. აშენდა რაგბის სავარჯიშო კომპლექსი და ოლიმპიადის ფარგლებში აშენდა არაერთი ახალი სპორტული ობიექტი, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა უკვე არსებულებს, მათ შორის დინამო არენას.


 



ავტორი: MediaMall.ge