ნაგებობა, რომელიც თბილისს არასდროს ჰქონია - პროექტი, რომელზეც დავით ნარმანიამ მთავრობის ბოლო სხდომაზე ისაუბრა
ამობეჭდვა · 2017-11-09 11:20:00 · 119 ნახვა

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა ბოლო სამი წლის განმავლობაში 10 ახალი პროგრამა განახორციელა. 

ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

"ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით გეტყვით, რომ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, საანგარიშო პერიოდში, ყოველწლიურად ადმინისტრირებას უწევდა 29-31 პროგრამას. 2014-2017 წლებში 10 ახალი პროგრამა განხორციელდა. სოციალური პროგრამების უმეტესობის დაფინანსება გაიზარდა, ნაწილი კი გაორმაგდა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერის თქმით, აშენდა მიუსაფართა თავშესაფარი და სოციალური საცხოვრისი რომლებიც თბილისს არასდროს ჰქონია. 

გარდა ამისა, მერიის მიერ უძრავი ქონებით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების აშენების პირობით ჯამში  კოოპერატიული ბინათმშენებლობითდაზარალებული 365 ოჯახი დაკმაყოფილდა.

"ბოლოს მოკლედ გეტყვით განათლების მიმართულებით, რომ აღნიშნულ პერიოდში თბილისის მერიის მიერ სწავლა დაუფინანსდა 6 500-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს, ასევე, სტიპენდიით წავახალისეთ მაღალი აკადემიური მოსწრების 369 მაგისტრანტი. პროფესიული უნარების გაუმჯობესებისა და დასაქმების ხელშეწყობისათვის კი გადამზადდა 700 ადამიანი. გაიხსნა ფონიჭალის ახალგაზრდული ცენტრი და ქალაქს შევმატეთ კიდევ ერთი ახალი მედიათეკა ვეტერანთა კულტურის და დასვენების პარკში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.


 



ავტორი: MediaMall.ge