უმთავრესი ამოცანაა, ხელისუფლების მონაწილეობით, დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის ჰარმონიული ურთიერთობა უზრუნველვყოთ - ირაკლი კობახიძე
ამობეჭდვა · 2017-11-09 13:31:00 · 80 ნახვა

„საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია უფრო მაღალი სტანდარტით იცავს შრომით უფლებებს საქართველოში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონფერენციაზე „შრომითი უფლებები საქართველოში - ცვლილებების დღის წესრიგი“,  მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ღირსეული შრომის პირობების უზრუნველყოფა და საერთაშორისოდ აღიარებული შრომის უფლებების დაცვა სწორედ ადამიანზე ორიენტირებული სოციალური სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულებაა.


პარლამენტის თავმჯდომარემ ქართული შრომის სამართლის ისტორიული განვითარების ეტაპებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ შრომით უფლებებსა და მათი მაღალი სტანდარტით დაცვას  ჯერ კიდევ პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია ითვალისწინებდა.


მისი თქმით, შრომითი კანონმდებლობის განვითარების ახალი ეტაპი საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაიწყო და ის საკმაო წინააღმდეგობრიობით ხასიათდებოდა.

ირაკლი კობახიძემ ყურადღება საქართველოს პარლამენტის მიერ 2006 წელს მიღებულ შრომის კოდექსზე გაამახვილა. მისი თქმით, საყოველთაოდ იყო აღიარებული, რომ კოდექსი არსებითად იყო ორიენტირებული არა დასაქმებულის, არამედ დამსაქმებლის ინტერესებისა და პრიორიტეტების უზრუნველყოფასა და დაცვაზე. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შრომის კოდექსში 2013 წელს განხორციელებული ცვლილებებით ქართული შრომის სამართალი ისტორიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა.


„ის ცვლილებები, რომელიც განხორციელდა შრომის კოდექსში, ზოგადად და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით - საერთაშორისო საზოგადოებამ პოზიტიურად შეაფასა, რაც ჩვენი ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თუმცა, კვლავაც გამოწვევად რჩება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ზოგიერთ კონვენციასთან შესაბამისობის დახვეწის საკითხი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


კანონმდებლობის დახვეწის შესახებ საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება საქართველოს კონსტიტუციაზე გაამახვილა.


„მიმდინარე წლის განმავლობაში, განხორციელდა ფუნდამენტური რეფორმა - ვგულისხმობ საკონსტიტუციო რეფორმას და ამ რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი იყო შრომითი უფლებების გარანტიების ახლებურად მოწესრიგება და მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია უფრო მაღალი სტანდარტით იცავს შრომით უფლებებს საქართველოში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. სიტყვით გამოსვლისას, მან აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება შრომითი ურთიერთობების მიმართულებით საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის ევროპის კავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას ითვალისწინებს.

ასევე, ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ევროპის სოციალური ქარტიის ზოგიერთი რატიფიცირებული ნორმის ეროვნული დონეზე დანერგვის საკითხსაც. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 17 კონვენცია, მათ შორის რვა ფუნდამენტური კონვენცია, რომლებიც  გაერთიანების თავისუფლებას და კოლექტიურ მოლაპარაკებას, დისკრიმინაციის აკრძალვას, იძულებითი შრომის აკრძალვას და ბავშვთა შრომის აკრძალვას ეხება.
 
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საერთაშორისოდ აღიარებულ შრომის სტანდარტებთან და შეთანხმებებთან ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაც. 
 
მისი განცხადებით, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო აქტიურად მუშაობს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტზე, რომელიც ეტაპობრივად მოაწესრიგებს როგორც შრომის უსაფრთხოების, ისე შრომის უფლებების დაცვის ზედამხედველობის მექანიზმს.


„შრომითი უფლებების დაცვა არ უნდა განვიხილოთ არსებული ბიზნეს გარემოს შეზღუდვის მცდელობად. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, ხელისუფლების მონაწილეობით უზრუნველვყოთ დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის ჰარმონიული ურთიერთობა, რომელის დროსაც დასაქმებულიც და დამსაქმებელიც ორივე დაინტერესებულია ორგანიზაციის, კომპანიის წარმატებით. ამდაგვარი მიდგომა ზრდის დასაქმებულების პროდუქტიულობას და ხელს უწყობს შესაბამისი ორგანიზაციებისა და კომპანიების განვითარებას“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, გადასაწყვეტია და დასაგეგმია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პრიორიტეტულ კონვენციებთან მიერთების პროცესი და ვადები. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მუშაობა უნდა გააქტიურდეს ევროპის სოციალური ქარტიასთან ეროვნულ დონეზე შესაბამისობის მიმართულებითაც.


„ყველა ეს საკითხი, თავისი მნიშვნელობიდან და მასშტაბიდან გამომდინარე, ჩვენი აზრით, საჭიროებს დისკუსიას და გადაწყვეტილების მიღებას, არა მხოლოდ სამმხრივი დიალოგის ფარგლებში სოციალურ პარტნიორებთან, არამედ გაცილებით ფართო საზოგადოებრივ დისკუსიას, სადაც ჩართული იქნება ყველა სხვა დაინტერესებული მხარე - მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომელთა ძალისხმევითაც ხდება ხშირ შემთხვევაში შრომის უფლებებთან დაკავშირებული მრავალი საკითხის აქტუალიზება. გთავაზობთ, რომ საქართველოს პარლამენტი გახდეს ღია პლატფორმა ასეთი საჯარო დისკუსიისთვის, რომლის საბოლოო მიზანი და შედეგი იქნება ერთიანი ხედვის - სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება ჩვენს ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების, შრომითი ურთიერთობების და შრომითი უფლებების საკანონმდებლო საფუძვლების შემდგომი სრულყოფის და მათი ეფექტიანი დანერგვის მიზნით. ვიმედოვნებთ, რომ დღევანდელი წარმომადგენლობით კონფერენცია, იქცევა ამ ღია პლატფორმის ამოქმედების პირველ ნაბიჯად“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ.



ავტორი: MediaMall.ge