ტრამპმა რუსეთს მოუწოდა, ფხენიანზე ზეწოლას ხელი შეუწყოს
ამობეჭდვა · 2017-11-09 14:14:00 · 54 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთს მოუწოდა, გამოიყენოს თავისი გავლენა ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო-ბირთვული პროგრამით გამოწვეული პრობლემის მოსაგვარებლად.

"ჩინეთს შეუძლია, ეს პრობლემა სწრაფად და მარტივად მოაგვაროს“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა პეკინში, სახალხო კრების დარბაზში ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან ერთად გამოსვლისას.

რადიო თავისუფლების ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთს მიმართა, შეზღუდოს ჩრდილოეთ კორეასთან ფინანსური კავშირები და რუსეთს მოუწოდა, ხელი შეუწყოს ფხენიანზე ზეწოლას. 

დონალდ ტრამპის და სი ძინპინის თანდასწრებით, ამერიკულმა და ჩინურმა კომპანიებმა ხელი მოაწერეს 253 მილიარდი დოლარის კომერციულ შეთანხმებებს ენერგეტიკის, საავიაციო მშენებლობის და ელექტრონიკის სფეროებში.

ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობებში დისბალანსია აშშ-ის საზიანოდ, რის გამოც პასუხისმგებლობა ეკისრება ვაშინგტონის წინა ადმინისტრაციას.

თავის მხრივ, ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზე მყოფი ჩინეთის ეკონომიკა უფრო ღია გახდება უცხოური, მათ შორის ამერიკული კომპანიებისთვის. სი ძინპინის განცხადებით, დონალდ ტრამპთან საფუძვლიანი მოლაპარაკებისას კონსენსუსს მიაღწიეს ორივე მხარისთვის საინტერესო ბევრ საკითხში. ჩინეთის ლიდერის განცხადებით, პეკინისა და ვაშინგტონის ურთიერთობები ახალ, ისტორიულ სტარტზეა. სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთი გააძლიერებს აშშ-თან დიალოგს საერთაშორისო, მათ შორის კორეის და ავღანეთის საკითხებშიც. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთს 8 ნოემბერს ეწვია.



ავტორი: MediaMall.ge