"ინტერნეტი ყველასთვის და ყველგან“ - ფოტოგამოფენა ბელგიაში
ამობეჭდვა · 2017-11-09 14:22:00 · 55 ნახვა

ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნატალი საბანაძემ მონაწილეობა მიიღო ბრიუსელში ინტერნეტ საზოგადოების ორგანიზებით გამართულ ფოტოგამოფენაში "ინტერნეტი ყველასთვის და ყველგან“.

აღნიშნულ გამოფენაზე საქართველომ  წარადგინა  თუშეთის "ინტერნეტიზაციის“ პროექტის ფარგლებში გადაღებული ფოტოები.

საქართველოს ელჩმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და  საქართველოს მთავრობის ციფრული ეკონომიკის განვითარების სტრატეგიასა და მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე ისაუბრა.

ნატალი საბანაძემ მადლობა გადაუხადა თუშეთის ინტერნეტიზაციის პროექტის მონაწილეებს და ხაზი გაუსვა პროექტის დადებით მხარეებს, რაც პოზიტიურად აისახება თუშეთის შემდგომ სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ განვითარებაზე, განსაკუთრებით თუშეთის ტურისტული პოტენციალის გაზრდაზე.

აღნიშნული პროექტი ინტერნეტზე წვდომის საშუალებას აძლევს 24 სოფელს, რომელთა მოსახლეობაც 200 მაცხოვრებელზე ნაკლებია. ფოტო გამოფენა The Internet Society-ის ორგანიზებით ჩატარდა, რომლის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ინტერნეტთან დაკავშირებული სტანდარტების, ხელმისაწვდომობისა და პოლიტიკის განსაზღვრა.



ავტორი: MediaMall.ge