გიორგი გახარიამ და კახი კალაძემ სამშენებლო კომპანიებთან 41-ე დადგენილებაში შეტანილი ცვლილებები განიხილეს
ამობეჭდვა · 2017-11-09 15:03:00 · 231 ნახვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია  კახა კალაძესთან ერთად  სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.  შეხვედრაზე მთავრობის  2006 წლის 28 იანვრის 41-ე დადგენილებაში ( ტექნიკური რეგლამენტი „შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესები“ ) შეტანილი ცვლილებები განიხილეს, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს მიერ  თბილისის მერიის ჩართულობით მომზადდა.

აღნიშნული რეგლამენტის რეგულირების საგანია არსებული შენობა-ნაგებობების,  მიმდინარე მშენებლობების, რეკონსტრუქციისა თუ დემონტაჟის პროექტირება, მშენებლობა და ექსპლუატაცია,  გარდა II კლასის შენობისა და ხაზობრივი ნაგებობებისა. ცვლილებების მიზანია მინიმალური პირობების შექმნა საზოგადოების ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და საერთო კეთილდღეობის მისაღწევად, შენობაში ხანძრისა და სხვა საფრთხეებისგან სიცოცხლისა და საკუთრების დაცვა, ასევე მეხანძრე-მაშველებისა და მაშველების უსაფრთხოება საგანგებო ვითარებისას.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება განაშენიანების რეგულირების გეგმას დაეთმო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით,  დადგენილების  იმპლემენტაციის პერიოდში მენაშენეთა ასოციაციისა და დეველოპერების მხრიდან გამოითქვა გარკვეული მოსაზრებები.

  „რეალურად,  პრობლემები არსებობს და მათთან ერთად შევიმუშავეთ ცვლილებები უკვე მოქმედ დადგენილებაში. ცვლილებები არის გამარტივების მიმართულებით, რაც  მშენებლებს და დეველოპერებს ავალდებულებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები მშენებლობის პროცესში.  თუმცა, პრინციპული საკითხები, რაც მომხმარებლებზე არის ორიენტირებული,  უსაფრთხოების ძირითადი ნორმებია და ეს, რა თქმა უნდა, იყო შენარჩუნებული.  მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ  41-ე დადგენილების მიღების პერიოდში, უფრო სწორედ დადგენილების გავრცელების არეალიდან ამოღებული იყო უკვე დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმა“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მინისტრის განცხადებით,  ყველაზე პრინციპული, რაც შეხვედრაზე იქნა მიღწეული, არის შეთანხმება კომპანიებთან, რომ 41-ე დადგენილება, უკვე ახალი ცვლილებებით, შეეხება დამტკიცებულ განაშენიანების რეგულირების გეგმებსაც. „ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია,  რადგან   საშუალებას აძლევს თბილისს და არამხოლოდ თბილისს, შექმნას და განავითაროს სამშენებლო პოლიტიკა, ასევე  მოახდინოს მისი იმპლემენტაცია.  წინააღმდეგ შემთხვევაში, განაშენიანების რეგულირების გეგმების საშუალებით ამ პოლიტიკის მიღმა რჩებოდა ბინათმშენებლობის დიდი ნაწილი. ეს არის ძირითადი შეთანხმება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მერიასა  და  დარგის წარმომადგენლებს შორის, რასაც დღეს ჩვენ ერთად მივაღწიეთ.   ვფიქრობ, რომ ეს არის  სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი. სამომავლოდაც ვაპირებთ ვითანამშრომლოთ, რადგანაც მშენებლობა ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორი“- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

დეველოპერული კომპანია „რედიქსჯგუფის“ გენერალური დირექტორის,  ლაშა პაპაშვილის ინფორმაციით, მთავარია,  რომ  მხარეებს  შორის არსებობს თანამშრომლობის  სურვილი:   „ მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი შეხვედრა გამოვიდა. ყველა შეხვედრა წარმატებული იქნება,  სადაც ბიზნესის ხმას მოისმენენ.  ჩვენ შევთანხმდით, რომ ქალაქის იერსახე არ უნდა იყოს ისეთი, როგორიც ის დღეს არის.  არ შეიძლება ქალაქის ცენტრში ასეთი უგვანი შენობები აშენდეს, არანაირი თანხა არ დაიხარჯოს მის იერსახეზე და ფასადზე თუნდაც. აქ პირიქით გამკაცრებას ვითხოვთ. მთავრობა ამ ინიციატივით გამოდის და ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ უნდა გამკაცრდეს რეგულაცია“ - აღნიშნა ლაშა პაპაშვილმა.

„არქი ჯგუფის“ დამფუძნებლის, ილია წულაიას განცხადებით,  ბიუროკრატიის შემცირებით  უფრო ადვილი იქნება მშენებლობის ნებართვების აღება და  ბიზნესის კეთებაც.  „მკაცრი რეგულაციების შემოღებაც აუცილებელია. მისი მიზანია მოქალაქეებისა და  ბინათმესაკუთრეების ინტერესების დაცვა,  ხანძრის დროს უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლება. მე მინდა ვთქვა, რომ ამ სფეროში საკმაოდ გათვითცნობიერებული ვარ და კეთილსინდისიერი მშენებლები ამას ისედაც აკეთებდნენ, მაგრამ იყვნენ მშენებლები, რომლებიც ამას თავს არიდებდნენ და ზუსტად ამის ხარჯზე არაკეთილსინდისიერ კონკურენციაში შედიოდნენ კეთილსინდისიერ მშენებლებთან. კარგია, რომ  ეს სტანდარტი ყველასთვის საერთო იქნება, რაც  რაც თითოეული მოქალაქის ინტერესებსა და  უსაფრთხოებას დაიცავს. მთავარი მესიჯი, რაც დეველოპერებმა დააფიქსირეს და ყველა დაეთანხმა, არის ის,  რომ  ყველა მომავალი მშენებლობა, მათი ფასადები, მათი ხარისხი იქნება ძალიან მაღალი სტანდარტის, რაც შეესაბამება ჩვენს დედაქალაქს.  თბილისი უნდა იყოს იმაზე უკეთესი და   ლამაზი, ვიდრე ეს დღეს არის“-განაცხადა ილია წულაიამ.

„ეს არის ძალიან კარგი დოკუმენტი. 3  წელია  ჩვენ მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ  ამ  დოკუმენტზე  და  დეტალურად ინფორმირებული ვართ ამ  ცვლილებებზეც.  ჩვენი  ბევრი შენიშვნა  და მოსაზრება მასში უკვე გათვალისწინებულია. აქ  აქცენტი კეთდება სამშენებლო,  სახანძრო უსაფრთხოების ნორმებზე  და  ა.შ. ეს  არის  საერთაშორისო სტანდარტის დოკუმენტი.  საქართველომ ოდესღაც უნდა დაიწყოს  და  ახლა  სწორედ  ეს  დრო  დადგა“ - აღნიშნა „მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა“ ირაკლი როსტომაშვილმა.

41-ე დადგენილების  ამოქმედებამდე  მთავრობამ სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებთან  არაერთი შეხვედრა ჩაატარა. ცვლილებების მომზადების პროცესში გაიმართა საჯარო განხილვებიც.  არქიტექტორებს და ადმინისტრაციული სამსახურების შესაბამის სპეციალისტებს ჩაუტარდათ ტრენინგები, ასევე ჩატარდა  სემინარები ექსპერტთა მოსამზადებლად, რამაც შესაბამისი ფონი მოამზადა რეგლამენტის იმპლემენტაციისთვის.

აღსანიშნავია, რომ  სფეროში დასაქმებულ კომპანიებთან კონსულტაციები  დღემდე აქტიურ  რეჟიმში გრძელდება.  სამინისტრო მუდმივად აკვირდება ცვლილებების იმპლემენტაციის პროცესს.   ახალი რეგულირებით წარმოქმნილ შესაძლო პრობლემებთან   დაკავშირებით ინტესიურად მიმდინარეობს  კონსულტაციები  თვითმართველობის ორგანოების შესაბამისი სტრუქტურების,  დეველოპერების, არქიტექტორების და ექსპერტების მონაწილეობით.    



ავტორი: MediaMall.ge