"ჩემი გჯერათ თუ სირაძის" - გიორგი როყვას მამა შვილზე ზეწოლას არ ადასტურებს
ამობეჭდვა · 2017-11-09 18:17:00 · 350 ნახვა

ოზურგეთში, არჩევნების მეორე ტურში მონაწილე კანდიდატის, კოტე შარაშენიძის მხარდამჭერის, გიორგი როყვას დაკარგვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება. 

როყვაზე ზეწოლასა და მის გაუჩინარებაზე ინფორმაცია გუშინ საღამოს გავრცელდა, თუმცა  "გურია ნიუსთან" საუბრისას, გიორგი როყვას მამა, დავით როყვა ზეწოლაზე ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ მისი შვილი საარჩევნო სიტუაციას თავად გაერიდა. 

"მასზე ზეწოლა რომ განხორციელებულიყო, მე აუცილებლად მეტყოდა",-აცხადებს გიორგი როყვას მამა.

მერობის კანდიდატ, კოტე შარაშენიძის წარმომადგენლის, ირაკლი სირაძის მიერ გამოქვეყნებულ მიმოწერაზე, სადაც თითქოსდა, როყვაზე ზეწოლა დასტურდება, გიორგი როყვას მამა შემდეგს პასუხობს:

"ჩემი გჯერათ თუ ირაკლი სირაძის? ჩემთვის არ უთქვამს და რამე რომ ყოფილიყო, გავიგებდი მისი მეგობრებიდანაც და თავადაც მეტყოდა. უბრალოდ გავიდა სახლიდან, არაფერი უთქვამს, გაერიდა ამ საარჩევნო სიტიუციას". 

გაუჩინარებაზე თანაგუნდელების მიერ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, გიორგი როყვას ოჯახს პოლიციისთვის არ მიუმართავს, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ფაქტის მოკვლევა დაიწყო. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კოტე შარაშენიძის წარმომადგენელი, გიორგი როყვა პოლიციამ უვნებელი იპოვა.

 

 



ავტორი: MediaMall.ge