საგანგაშო სტატისტიკა - თამბაქოს მოხმარებისგან საქართველოში ყოველწლიურად 11 000 ადამიანი იღუპება
ამობეჭდვა · 2017-11-09 19:14:33 · 530 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარების გამო 11 000 ადამიანი იღუპება, აქედან 3 000 პასიური მწეველი, ხოლო 300 არასრულწლოვანი.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრში არ ენდობიან ფინანსთა მინისტრის მოადგილის დღევანდელ განცხადებას, რომლის თანახმადაც, 2017 წლის 9 თვეში საქართველოში თამბაქოს მოხმარება 15%-ით შემცირდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ლელა სტურუა აცხადებს, რომ ეპიდემიოლოგიური მონაცემები ამის თქმის საშუალებას არ იძლევა.

"ამ დროისთვის საქართველოში თამბაქოს მოხმარება მოზარდებშიც და მოზრდილებშიც სამწუხაროდ შემცირებული კი არა, გაზრდილია. 2010 წელს ჩატარებული კვლევით, ზრდასრული მოსახლეობის 30% იყო მწეველი, 2016 წლის კვლევით 33%-ია. მამაკაცებში 55%-დან 57%-მდე გაიზარდა, ქალებში იყო 4,8% და გაიზარდა 7,1%-მდე. სამწუხაროდ, მოზრდილებში კლებასთან არ გვაქვს საქმე. რაც შეეხება მოზარდებს, 2014 წლიდან 2017 წლამდე ჩავატარეთ კვლევა და ჩვენდა სამწუხაროდ მაჩვენებელი გაზრდილია 7%-დან 8,4%-მდე როგორც ბიჭებში, ასევე გოგონებში. თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებების მზარდი სტატისტიკა დამახასიათებელია ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ჯერ არ დაუწყია რეალური ნაბიჯების გადადგმა თამბაქოს კონტროლისკენ. საქართველოში თამბაქოს მოხმარებასთან ასოცირდება 11 ათასი ადამიანის სიკვდილი წელიწადში. თუ მსოფლიოს მონაცემებს შევადარებთ, მსოფლიოში სიკვდილიანობის 11% მოდის თამბაქოზე, საქართველოში კი ეს არის 22%. ანუ, თამბაქოს ტვირთი გაცილებით მაღალია საქართველოში, ვიდრე ეს ხდება მთლიანად მსოფლიოში"-განაცხადა ლელა სტურუამ.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 1/3 მწეველია. ამ მაჩვენებლით ქვეყანას მსოფლიოში მეექვსე ადგილი უჭირავს, ევროპაში მეორე ადგილზეა. სწორედ თამბაქოს მოხმარება სახელდება სიმსივნეების, სხვადასხვა გულსისხლძარღვთა დაავადებებისა და ნაადრევი სიკვდილის მიზეზად.



ავტორი: Mediamall.ge