ქობულეთის სკოლაში, ერთი მოსწავლე მეორეს, დანის მუქარით ფულს სძალავდა
ამობეჭდვა · 2017-11-09 21:37:47 · 160 ნახვა

ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში ერთი მოსწავლე მეორეს, დანის მუქარით ფულს სძალავდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ბათუმელები“ ავრცელებს.

გამოძალვის ფაქტს ადასტურებს ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი, ნარგიზ ბაღიშვილიც, თუმცა ის გამოცემასთან განსხვავებულ ვერსიას ყვება. მისი თქმით, ფულს მოსწავლეებს ის პირები სძალავდნენ, ვისაც სკოლა უკვე დამთავრებული აქვთ.

„არჩევნების პერიოდში ჩვენ ვერ ჩავკეტავდით სკოლის ჭიშკარს, ამ დროს სკოლის შენობაში შემოდიოდნენ კომისიის წევრები, ამომრჩევლები. როგორც გავიგე, [სკოლის] კურსდამთავრებულები ამ დროს ახერხებდნენ შემოსვლას და სთხოვდნენ მოსწავლეებს 15 თეთრს, 20 თეთრს, რამდენიმეს სძალავდნენ ჩემი ინფორმაციით… დღეს გავიგე, რომ ეს ყველაფერი ეზოს გარეთ ხდებოდა… ჩვენ როგორც კი გავიგეთ ამ შემთხვევის შესახებ, მაშინვე მივიღეთ შესაბამისი ზომები. პოლიციას ბავშვის მშობელმა შეატყობინა“, – გვითხრა ნარგიზ ბაღიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება გამოძალვის მუხლით დაიწყო. 

ცნობისთვის, გამოძალვა, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე.



ავტორი: Mediamall.ge