„თუ გადამდები არ არის, რატომ გვთხოვენ მის დასაფლავებას აკლდამაში?!" - რას ყვებიან ჯილეხით გარდაცვლილი ქალის ახლობლები
ამობეჭდვა · 2017-11-10 00:51:22 · 5650 ნახვა

ჯილეხით გარდაცვლილი 28 წლის ლანა გოგინავას ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ.

გარდაცვლილის დედამთილი იხსენებს, რომ მისმა რძალმა სამედიცინო დაწესებულებას გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე მიმართა, თუმცა ექიმებმა თავდაპირველად მკურნალობა არა ჯილეხზე, არამედ დიფტერიაზე დაუწყეს. სწორედ ამიტომ ის ვარაუდობს, რომ პაციენტის გარდაცვალების მიზეზი ექიმების მხრიდან დაგვიანებული მკურნალობა გახდა.

გარდაცვლილის ოჯახი ბოდიშის მოხდას ითხოვს იმ ეპიდემიოლოგებისა და ექიმების მხრიდან, რომლებმაც მათი თქმით, ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს.

"ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, 5 დღე ბავშვს თავბრუსხვევა და გულისრევა ჰქონდაო. სამშაბათს ქორწილში იყო. მსგავსი შეგრძნებები, რომ ჰქონოდა წავიდოდა ქორწილში?! მოვიდნენ და საჯაროდ მოუხადონ ბოდიში მიცვალებულს. თავიდან, რომ მივიყვანე, მითხრეს დიფტერია არისო, გავუკეთე დიფტერიის საწინააღმდეგო აცრა. თუ ასეთი მძიმე პაციენტი იყო ეს ბავშვი, 11 საათი რატომ გამიჩერა საავადმყოფოში?! მაშინვე გადაეყვანათ რეანომობილით ინფექციურში. მერე, როცა დაგვიანებით წაიყვანეს, კონტაქტური იყო, თვითონ გვირეკავდა გზიდან და გვატყობინებდა მის ამბებს. მისვლისთანავე მითხრეს რომ კომაშიაო. რა მოხდა?! იქედან ისე წამოვედით ნორმალური დიაგნოზი არ დაუსვამთ. ახლა, სამი დღის მერე გვეუბნებიან, რომ არის ჯილეხი. რითი გარდაიცვალა ეს ბავშვი გვითხრან სიმართლე. იმასაც ამბობენ, რომ გადამდები და საშიში არ არისო. თუ საშიში არ არის და ჰაერწვეთოვანი გზით არ გადადის, რატომ გვთხოვენ მის დასაფლავებას აკლდამაში?!", - აცხადებს ნანა ბუკია.

განსხვავებული ვერსია აქვთ შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფოთის რეგიონალურ ლაბორატორიაში. როგორც ეპიდემიოლოგი ზინაიდა გაგუა განმარტავს, პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას დაგვიანებით მიმართა, რადგან მისი შეყვანიდან რამდენიმე საათში ის გარდაიცვალა.

"ჩვენ ამ დაავადებასთან ბრძოლის დიდი გამოცდილება არ გვაქვს. მოგვიანებით როგორც დადგინდა, ეს იყო არა დიფტერია, არამედ ჯილეხი, რადგან გაჩნდა წყლულები და ბაქტერიოლოგიურად მოხდა ამ შემთხვევის დადასტურება. თავდაპირველად ამ დიაგნოზს ვერავინ ვერ დასვამდა, რადგან ამ დაავადებისათვის დამახასიათებელი წყლულები, რითაც უნდა მომხდარიყო ვერსიის დადასტურება, ის არ იყო ფორმირებული. მომართვიდან სამედიცინო ჩარევა ყველა ეტაპზე დროულად მოხდა. პაციენტმა რამდენიმე დღის დაგვიანებით მიმართა სამედიცინო ცენტრს", - განმარტა გაგუამ “პრაიმტაიმთან“ საუბარში.

 



ავტორი: Mediamall.ge