„თქვენო აღმატებულებავ“ აღიარებას არ ნიშნავს - რაულ ხაჯიმბა
ამობეჭდვა · 2017-11-10 10:06:00 · 1101 ნახვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას თქმით, ის გარემოება, რომ სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ასადმა მისთვის გაგზავნილ წერილში გამოიყენა მიმართვა „თქვენო აღმატებულებავ“ და მას „აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი“ უწოდა, ჯერ კიდევ არ ნიშნავს სირიის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას.

"აღიარების პროცესი რთული და ხანგრძლივია. სირიის გარდა ჩვენ ბევრ სხვა სახელმწიფოსთან ვავითარებთ ურთიერთობას. ზოგთან ეს ურთიერთკავშირი წარმატებით ხორციელდება, ზოგთან - უფრო მძიმედ. სირიაზე საუბრისას, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ქვეყანაში ჩვენი დიასპორა ცხოვრობს" - აღნიშნა ხაჯიმბამ "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტთან საუბრისას. 

სექტემბერში ხაჯიმბამ 52-ე დაბადების დღე მიულოცა ასადს, რასაც სირიის პრეზიდენტმა სამადლობელი წერილით უპასუხა. ამ წერილში, როგორც ხაჯიმბას პრესსამსახური იუწყება, ასადი "მადლობას უხდის სოხუმის ლიდერს კეთილი სურვილებისთვის და ადრესატს მოიხსენიებს სიტყვებით: „მის აღმატებულებას, აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს“.



ავტორი: MediaMall.ge