კრემლის მიერ დაფინანსებული ტელეარხი აცხადებს, რომ უცხოელ აგენტად დარეგისტრირებას სთხოვენ
ამობეჭდვა · 2017-11-10 11:58:00 · 107 ნახვა

კრემლის მიერ დაფინანსებული ტელეარხი Russia Today აცხადებს, რომ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ უცხოეთის აგენტად დარეგისტრირება მოსთხოვა და ამისთვის მას ვადა 13 ნოემბრამდე აქვს. ინფორმაციას რადიო თავიუსფლება ავრცელებს.  

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. 

თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტეს, რომ უცხოელ აგენტად რეგისტრაცია ახალი ამბების გაშუქებას არავის უკრძალავს.

როგორც ცნობილია, ტელეარხს პრობლემები აშშ-ში 2016 წლის საარჩევნო კამპანიაში რუსეთის ჩარევის გამოძიებისას შეექმნა 

სექტემბრის პირველ ნახევარში ტელეკომპანიამ განაცხადა, რომ კომპანიას, რომელიც ერტე ამერიკას ემსახურება, აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ გაუგზავნა წერილი მოთხოვნით, დარეგისტრირდეს 1938 წელს მიღებული, ნაცისტური პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონის შესაბამისად.

უფრო ადრე, რუსეთის ფედერაციის საბჭოში განიხილეს რუსეთის ტერიტორიაზე უცხოეთის მედიასაშუალებების დაბლოკვის შესაძლებლობა - "მათ მიერ რუსეთის კანონმდებლობის დარღვევისთვის“.

საინფორმაციო სააგენტო "ტასის“ ცნობით, აკრძალვის განხილვის ინიციატორები ფიქრობენ, რომ "როსკომნადზორს“ უნდა მიეცეს რუსეთის ტერიტორიაზე "ასეთი მედიასაშუალებების“ დაბლოკვის უფლება. "როსკომნადზორი“არის რუსეთში ინტერნეტის მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანო.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო უწყების განცხადების თანახმად,  მოსკოვმა მომავალ კვირას, შესაძლოა, ამერიკული მედიის წინააღმდეგ საპასუხო ზომები მიიღოს. საუბარია “რადიო თავისუფლებასა” და “ამერიკის ხმაზე”.



ავტორი: MediaMall.ge