საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სათამაშო აპარატები აღმოაჩინა
ამობეჭდვა · 2017-11-10 12:10:00 · 105 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ხუთი ფაქტი გამოავლინეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის სხვადასხვა უბანში, განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში - მეტროპოლიტენის სადგურებისა და ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, დიდი ოდენობით შემოსავლის უკანონოდ მიღების მიზნით, პირთა ჯგუფს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნებართვის გარეშე, აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი აპარატები ჰქონდათ განთავსებული. 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია კანონის დარღვევით მოქმედი ექვსი ერთეული სათამაშო აპარატი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192 - ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 - დან 5 - წლამდე ვადით. 
 



ავტორი: MediaMall.ge