კახის წარმატება ყველაზე მეტად დავითს გაუხარდება, იმიტომ რომ ის არის კარგი ადამიანი - პრემიერი
ამობეჭდვა · 2017-11-10 15:33:00 · 76 ნახვა

დავით ნარმანია ჩვენი გუნდის წევრად დარჩება და რამდენიმე ვარიანტი განიხილება, სადაც ის საქმიანობას გააგრძელებს. ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისის ყოფილი მერის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა დავით ნარმანიას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. 

"ის ამ წლების განმავლობაში, ზედმეტი ხმაურის გარეშე, ძალიან დიდი ოპოზიციური წნეხის ქვეშ ასრულებდა მნიშვნელოვან სამუშაოს" - აღნიშნა პრემიერმა. მისი თქმით, დღეს ნარმანიამ ძალიან შთამბეჭდავი პრეზენტაცია წარმოადგინა.

"აქ არის უამრავი პროექტი, მხოლოდ რამდენიმეს ვიტყვი – ახალი ტფილისის პროექტი, სადაც 51 შენობა არამხოლოდ ფასადურად, არამედ მთლიანად გარემონტდა, აქედან 45 იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ეს არის სრულიად ახალი აშენებული გზები, როგორიც არის კრწანისი-ტაბახმელას გზა, სამებიდან მახათასკენ მიმავალი სრულიად ახალი გზა, ეს არის სრულიად ახალი რეაბილიტირებული გამზირი, მათ შორის, პეკინის გამზირი და პუშკინი ქუჩაზე აღდგენილი ორმხრივი მოძრაობა და ესტაკადა, რომელიც იქ დამონტაჟდა. ეს არის დახურული ბაღების ნაცვლად ახალი ბაღები, 12 ახალი ბაღი გაიხსნა და ბევრია მშენებლობაში. ეკოლოგიურად სუფთა, კომფორტული ტრანსპორტი და ა.შ." - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ "კახის წარმატება ყველაზე მეტად დავითს გაუხარდება, იმიტომ რომ ის არის კარგი ადამიანი".



ავტორი: MediaMall.ge