ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის კუთხით, დადებით შედეგებს ვხედავთ - იოჰანეს ჰანი
ამობეჭდვა · 2017-11-10 17:50:00 · 60 ნახვა

ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი, იოჰანეს ჰანი საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ევროკომისიის ანგარიშს აფასებს. 

"ჩვენ კვლავ ვხედავთ ასოცირების ხელშეკრულების დადებით შედეგებს. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგი 2020 წლამდე ერთობლივი მუშაობისთვის პრიორიტეტების პრაქტიკულ ჩარჩოს უზრუნველყოფს. ევროკავშირის სტანდარტებთან და რეგულაციებთან დაახლოება საქართველოს საშუალებას აძლევს, უფრო მეტად გახდეს მოთამაშე საერთაშორისო ბაზარზე. ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია და 2017 წელს ეს მაჩვენებელი უფრო გაიზარდა. 2017 წლის ივლისში საქართველო ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანდა, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელმაც ევროკავშირი და საქართველო დააახლოვა“, - განაცხადა იოჰანეს ჰანმა. 

დღეს ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე. ანგარიში მოიცავს პერიოდს 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე და მიზნად ისახავს საქართველოს მიერ ევროკავშირთან შეთანხმებული მიმართულებით რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესის შეფასებას.



ავტორი: MediaMall.ge