დიპლომატის დღის აღსანიშნავად საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღია კარის დღეს გამართავს
ამობეჭდვა · 2017-11-11 10:55:00 · 64 ნახვა

დიპლომატის დღესთან დაკავშირებით 2017 წლის 12 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ინტერაქციული ხასიათის შეხვედრა "ერთი დღე ქართველ დიპლომატთან“.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება  ღია კარის ფორმატის პრინციპით ჩატარდება და სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის მიმართულებებს, უწყების სტრუქტურულ ერთეულებს და იქ მომუშავე თანამშრომლებს.

ღონისძიების ფარგლებში სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმოდგენილი იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტების კუთხეები, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით და ასევე უშუალოდ გაესაუბრონ სამინისტროს თანამშრომლებს.

სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გახსნის და მიმოიხილავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებებს და  უწყების საქმიანობის პრიორიტეტებს.  მოწვეული სტუმრების წინაშე საინფორმაციო პრეზენტაციებით წარსდგებიან  მინისტრის მოადგილეებიც, რომლებიც უკვე მათი საკურაციო სფეროების მიმართულებით გააცნობენ საზოგადოებას სამინისტროს საქმიანობას.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ  ქართველი დიპლომატები, სტუდენტები, პროფესორები, ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები. ქართული დიპლომატიის დღე 3 ნოემბერს აღინიშნება, თარიღი დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.



ავტორი: MediaMall.ge