პრემიერმა სრულიად სამართლიანად აღნიშნა ამ მოვლენის “ანომალური" ხასიათი - ედუარდ შევარდნაძის ოჯახი გიორგი კვირიკაშვილს მადლობას უხდის
ამობეჭდვა · 2017-11-11 12:27:00 · 613 ნახვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილები პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილს მადლობას უხდიან. საქმე ეხება ევროპის მოედანზე ბერლინის კედლის ფრაგმენტის დადგმის დროს გამართულ გამოფენას, სადაც ედუარდ შევარდნაძის ფოტო არ იყო წარმოდგენილი, რის გამოც გიორგი კვირიკაშვილმა შენიშვნა გამოთქვა. 

"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, სრულიად სამართლიანად აღნიშნა ამ მოვლენის “ანომალური”, ისტორიულად უსამართლო ხასიათი. მადლობა მას ასეთი სწორი სახელმწიფოებრივი, მოქალაქეობრივი და ადამიანური პოზიციისთვის“,- ნათქვამია შევარდნაძის შვილიშვილების მიერ გავრცელებულ წერილში, რომლითაც მათ დღეს გერმანიის საელჩოს მიმართეს.

ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილები იმედს გამოთქვამენ, რომ გერმანიის ელჩი, ჰაიკე ფაიჩი ყველაფერს იღონებს, რათა ხარვეზი აღმოიფხვრას და საქართველოსა და გერმანიას შორის მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობებს ჩრდილი არ მიადგეს.

თბილისში, ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტი 9 ნოემბერს დაიდგა. 



ავტორი: MediaMall.ge