ხვალ, 12 ნოემბერს, საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში, არჩევნების მეორე ტური იმართება
ამობეჭდვა · 2017-11-11 14:07:58 · 94 ნახვა

ხვალ, 12 ნოემბერს, საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

ცესკო-ს ინფორმაციით, ამომრჩევლები მეორე ტურში ხმას მისცემენ 2017 წლის 21 ოქტომბერს არსებული ამომრჩეველთა სიების მიხედვით.

მეორე ტური ჩატარდება 317 საარჩევნო უბანზე, რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა ექვსივე საარჩევნო ოლქში 328 304-ს შეადგენს.

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 12 ნოემბერს, დილის 08:30 სთ-დან რამდენიმე საათში ერთხელ, საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს.

ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ასევე, ონლაინ ჩატი, დილის 07:00 საათიდან ღამის 12:00 საათამდე იმუშავებს. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ.

6 მუნიციპალიტეტში, მეორე ტურში, მერობის 12 კანდიდატი მონაწილეობს.

კენჭისყრა თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის და თვითმმართველი თემების: ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების ასარჩევად გაიმართება.  არნისნულ ქალაქებსი მერობისთვის შემდეგი კანდიდატები იბრძოლებენ:

ქუთაისში - საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” - გრიგოლ ვაშაძე და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან” გიორგი ჭიღვარია.

ყაზბეგში - საარჩევნო ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოდან“ სანდრო ყამარაული და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან” ალექსანდრე ზაგაშვილი:

ხაშურში - ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან” გიორგი გურასპაშვილი და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი რამაზ ნოზაძე.

ბორჯომში - „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძე და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს კანდიდატი” ლევან ლიპარტია.

ოზურგეთში - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატი ბეგლარ სიორიძე და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი კონსტანტინე შარაშენიძე.

მარტვილში - საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” მამუკა დანელია და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მერობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა.

 



ავტორი: MediaMall.ge