რადიოაქტიული ღრუბელი ევროპაში რუსეთიდან, ან ყაზახეთიდან წამოვიდა - ფრანგი ექსპერტები
ამობეჭდვა · 2017-11-11 15:38:00 · 156 ნახვა

რადიოაქტიული ღრუბელი, რომელიც ევროპაში სექტემბრის ბოლოს გამოჩნდა, სავარაუდოდ, რუსეთის, ან ყაზახეთის ბირთვული ობიექტიდან იყო. 

ამ ვარაუდს გამოთქვამს საფრანგეთის ბირთვული უსაფრთხოების ინსტიტუტი (IRSN). რადიო თავისუფლების ცნობით, ორგანიზაცია გამორიცხავს, რომ ღრუბელი წარმოიქმნა ბირთვულ რეაქტორში ავარიის შედეგად - მისი ვარაუდით, მიზეზი გახდა გაჟონვა ბირთვული საწვავის გადამამუშავებელი ობიექტიდან, ან სხივური მედიცინის ცენტრიდან.

ევროპაში ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებმა ბოლო კვირებში ჰაერში რუთენიუმ 106-ის გაზრდილი შემცველობა გაზომეს. რუთენიუმ 106-ს სხივურ მედიცინაში იყენებენ.

საფრანგეთის ბირთვული უსაფრთხოების ინსტიტუტის მონაცემებით, რადიოაქტიულ ღრუბელს არ მოუხდენია გავლენა ადამიანების ჯანმრთელობაზე, ან გარემოზე ევროპაში. როგორც ეს ორგანიზაცია აცხადებს, მან ვერ დააზუსტა რადიოაქტიული მასალის გაჟონვის ადგილი, მაგრამ ამინდზე დაკვირვების საფუძველზე დაადგინა, რომ ღრუბელი, სავარაუდოდ, ურალის სამხრეთით, ურალსა და მდინარე ვოლგას შორის მდებარე ტერიტორიიდან წამოვიდა.

საფრანგეთის ბირთვული უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორმა, ჟან-მარკ პერესმა საინფორმაციო სააგენტო Reuters-თან საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლებისათვის არაფერია ცნობილი მის ტერიტორიაზე ბირთვული ავარიის შესახებ. ხოლო ყაზახეთში ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი აცხადებს, რომ სექტემბერსა და ოქტომბერში არ დაუფიქსირებია ყაზახეთის ტერიტორიაზე ბირთვული მასალის გაჟონვის ფაქტი.



ავტორი: MediaMall.ge