ის ძალიან შეურაცხყოფილია - ტრამპი პუტინთან დიალოგის დეტალებზე
ამობეჭდვა · 2017-11-11 16:44:50 · 1369 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვიეტნამში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე ხანმოკლე საუბრისას სირიის საკითხზე შეთანხმდნენ.

პრეზიდენტებმა აღნიშნეს, რომ სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო. 

ამ თემაზე Reuters-მა სტატია მოამზადა, რომლის თარგმანს MediaMall.ge გთავაზობთ. 

კრემლის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ "ისლამურ სახელმწიფოსთან" ერთობლივი ბრძოლისთვის საერთო ძალისხმევას განაგრძობენ".   

ტრამპის თქმით, "შედეგად უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადარჩება"

"ეს (შეთანხმება) ძალიან სწრაფად მოხდა",-განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს, როდესაც ის უკვე ტოვებდა სამიტს. 

"როგორც ჩანს, ერთმანეთის მიმართ კარგად ვართ განწყობილი, კარგი ურთიერთობა გვაქვს, აღმოჩნდა, რომ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ",-განაცხადა ტრამპმა.  თავის მხრივ, პუტინმა ტრამპს კარგი მანერების მქონე და კომფორტული ადამიანი უწოდა. 

"ჩვენ ცოტა რამ ვიცით ერთმანეთის შესახებ, მაგრამ ამერიკის პრეზიდენტის ქცევებიდან გამომდინარე ჩანს, რომ ის ძალიან თავაზიანია. ჩვენ გვქონდა ნორმალური დიალოგი, თუმცა სამწუხაროდ, ეს დიალოგი ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა",-განაცხადა პუტინმა. 

"დაგეგმვა და პროტოკოლი იყო ის საკითხები, რომლის გამოც პირისპირ შეხვედრა არ გაიმართა",-აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა. ტრამპის თქმით, პრეზიდენტები ძალიან მოკლედ, ორჯერ ან სამჯერ გაესაუბრნენ ერთმანეთს.თავდაპირველად, კრემლი აცხადებდა, რომ მხარეებს შორის შეხვედრა შედგებოდა, თუმცა თეთრი სახლი ამას უარყოფდა და აღნიშნავდა, რომ პრეზიდენტების შეხვედრა დაგეგმილიც კი არ ყოფილა და შესაძლოა, ტრამპი და პუტინი ერთმანეთს მისალმებოდნენ. მოგვიანებით გავრცელდა კიდეც ფოტოები, სადაც ისინი ხელს ართმევდნენ ერთმანეთს. 

ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ტრამპი-პუტინის დიალოგიდან მედია ყურადღებას ამახვილებს, ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევის თემაა, რაზეც შეერთებულ შტატებში გამოძიება მიმდინარეობს. 

დიალოგის შემდგომი კომენტარიდან ირკვევა, რომ პრეზიდენტებმა ამ თემაზეც ისაუბრეს.

ტრამპის თქმით, პუტინმა მას კიდევ ერთხელ უთხრა, რომ არჩევნებში არ ჩარეულა.

"რაც მითხრა, ამის ნამდვილად მჯერა. ვფიქრობ, ის ძალიან შეურაცხყოფილია, რაც ჩვენი ქვეყნისთვის კარგი არ არის. შესანიშნავი იქნებოდა რუსეთთან კარგი ურთიერთობების ქონა",-განაცხადა ტრამპმა.

"მას შეუძლია, დაგვეხმაროს ჩრდილოეთ კორეაში. თუ ის ჩინეთთან ერთად დაგვეხმარება. ეს პრობლემა უფრო სწრაფად წაიწევს წინ",-აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა. 

 

 



ავტორი: MediaMall.ge