ვლადიმერ პუტინმა ის მიზეზი დაასახელა, რის გამოც დონალდ ტრამპს ვერ შეხვდა
ამობეჭდვა · 2017-11-11 17:35:00 · 66 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი იმ მიზეზზე საუბრობს, რომლის გამოც ამერიკელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრა ვერ შედგა. მან ამის მიზეზად შეხვედრის დაგეგმვისა და პროტოკოლის პრობლემა დაასახელა. 

"დაგეგმვა და პროტოკოლი იყო ის საკითხები, რომლის გამოც პირისპირ შეხვედრა არ გაიმართა",-აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

თავდაპირველად კრემლი აცხადებდა, რომ მხარეებს შორის შეხვედრა შედგებოდა, თუმცა თეთრი სახლი ამას უარყოფდა და აღნიშნავდა, რომ პრეზიდენტების შეხვედრა დაგეგმილიც კი არ ყოფილა და შესაძლოა, ტრამპი და პუტინი ერთმანეთს მისალმებოდნენ. მოგვიანებით გავრცელდა კიდეც ფოტოები, სადაც ისინი ხელს ართმევდნენ ერთმანეთს. 

ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ტრამპი-პუტინის დიალოგიდან მედია ყურადღებას ამახვილებს, ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევის თემაა, რაზეც შეერთებულ შტატებში გამოძიება მიმდინარეობს. 

დიალოგის შემდგომი კომენტარიდან ირკვევა, რომ პრეზიდენტებმა ამ თემაზეც ისაუბრეს.

ტრამპის თქმით, პუტინმა მას კიდევ ერთხელ უთხრა, რომ არჩევნებში არ ჩარეულა.

"რაც მითხრა, ამის ნამდვილად მჯერა. ვფიქრობ, ის ძალიან შეურაცხყოფილია, რაც ჩვენი ქვეყნისთვის კარგი არ არის. შესანიშნავი იქნებოდა რუსეთთან კარგი ურთიერთობების ქონა",-განაცხადა ტრამპმა.

"მას შეუძლია, დაგვეხმაროს ჩრდილოეთ კორეაში. თუ ის ჩინეთთან ერთად დაგვეხმარება. ეს პრობლემა უფრო სწრაფად წაიწევს წინ",-აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა. 



ავტორი: MediaMall.ge