თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ ისევ ისე ესმის თავისუფალი მედია, როგორც მათი მმართველობის დროს იყო, ეს ვეღარ განმეორდება“ -თალაკვაძე
ამობეჭდვა · 2017-11-11 19:52:27 · 147 ნახვა

ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილების შეტანის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა შეიტანა, ინიციატივა, რომლის ავტორი დეპუტატი რომან გოცირიძეა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინასნების წესის შეცვლას ითვალისწინებს. აღნიშნულ ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამგვარად აფასებს: „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა მედიის თავისუფლების ძალიან უცნაური გაგებაა, ამ ინიციატივით ,,ნაციონალურ მოძრაობას” დამოუკიდებელი, საზოგადოებრივი, ობიექტური მედია წარმოუდგენია სწორედ ისე, როგორც ამ საკანონმდებლო ინიციატივაშია ასახული,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ საკანონმდებლო ინიციატივის კომენტირებისას.

თალაკვაძემ პირველ არხთან საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ ისინი პრაქტიკულად ამბობენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ჩამოერთვას ხალხს, ტელევიზიას საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქცია, შინაარსი და თითოეული თეთრი უნდა განსაზღვრონ მხოლოდ მთავრობამ და ხელისუფლებამ.

„ჩვენ, როგორც იცით, მხარს ვუჭერთ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმას, მხარს ვუჭერთ მის დამოუკიდებლობას და იმას, რომ მომავალში საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნოდეს და ემსახურებოდეს მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებას, საზოგადოების ინტერესებს. ჩვენ მხარს არ ვუჭერთ რომან გოცირიძის ინიციატივას და შესაბამის პასუხებს გავცემთ პარლამენტში. თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ ისევ ისე ესმის თავისუფალი მედია, როგორც მათი მმართველობის დროს იყო, როდესაც სრული კონტროლით წარმოედგინათ მედიის მართვა, დღეს ეს ვეღარ განმეორდება. ამ ინიციატივას ექნება ნულოვანი მხარდაჭერა საქართველოს პარლამენტში“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.



ავტორი: MediaMall.ge