დღეს, საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტური ტარდება
ამობეჭდვა · 2017-11-12 08:19:25 · 94 ნახვა

დღეს, 12 ნოემბერს, საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება.

ცესკო-ს ინფორმაციით, ამომრჩევლები მეორე ტურში ხმას მისცემენ 2017 წლის 21 ოქტომბერს არსებული ამომრჩეველთა სიების მიხედვით.

მეორე ტური ტარდება 317 საარჩევნო უბანზე, რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა ექვსივე საარჩევნო ოლქში 328 304-ს შეადგენს. ცესკო-ს ინფორმაციით, ამომრჩევლები მხოლოდ 1 საარჩევნო ბიულეტენს მიიღებენ მერის ასარჩევად. მთლიანობაში, მეორე ტურისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ,  299 450 ბიულეტენი დაიბეჭდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, დღეს, დილის 08:30 სთ-დან რამდენიმე საათში ერთხელ, საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს.

ცესკო-ს ინფორმაციით, სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ასევე, ონლაინ ჩატი, დილის 07:00 საათიდან ღამის 12:00 საათამდე იმუშავებს. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ.

6 მუნიციპალიტეტში, მეორე ტურში, მერობის 12 კანდიდატი მონაწილეობს.

კენჭისყრა თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის და თვითმმართველი თემების: ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების ასარჩევად გაიმართება.  აღნიშნულ ქალაქებში მერობისთვის შემდეგი კანდიდატები მონაწილეობენ:

ქუთაისში - საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” - გრიგოლ ვაშაძე და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან” გიორგი ჭიღვარია.

ყაზბეგში - საარჩევნო ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოდან“ სანდრო ყამარაული და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან” ალექსანდრე ზაგაშვილი:

ხაშურში - ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან” გიორგი გურასპაშვილი და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი რამაზ ნოზაძე.

ბორჯომში - „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძე და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს კანდიდატი” ლევან ლიპარტია.

ოზურგეთში - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატი ბეგლარ სიორიძე და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი კონსტანტინე შარაშენიძე.

მარტვილში - საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” მამუკა დანელია და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მერობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა.

„ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს, თუმცა საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ქუთაისსა და მარტვილში მეორე ადგილზე გასული ენმ-ს კანდიდატების გვარები საარჩევნო ბიულეტენებში მაინც წერია. 

რაც შეეხება სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებს და მათ წარმომადგენლებს,  რომლებიც რეგისტრირებულები იყვნენ თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურზე, მათ უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდათ მეორე ტურზეც.



ავტორი: MediaMall.ge