თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის და თვითმმართველი თემების: ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების ასარჩევად ხმის მიცემა დაიწყო
ამობეჭდვა · 2017-11-12 08:30:11 · 99 ნახვა

ექვსივე საარჩევნო ოლქში, სადაც დღეს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება, საარჩევნო უბნები გახსნილია და ხმის მიცემის პროცედურები დილის 8 საათზე დაიწყო.

კენჭისყრა თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის და თვითმმართველი თემების: ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების ასარჩევად მიმდინარეობს.

ამომრჩევლები მეორე ტურში ხმას მისცემენ 2017 წლის 21 ოქტომბერს არსებული ამომრჩეველთა სიების მიხედვით.

მეორე ტური ტარდება 317 საარჩევნო უბანზე, რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა ექვსივე საარჩევნო ოლქში 328 304-ს შეადგენს. ცესკო-ს ინფორმაციით, ამომრჩევლები მხოლოდ 1 საარჩევნო ბიულეტენს მიიღებენ მერის ასარჩევად. მთლიანობაში, მეორე ტურისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ,  299 450 ბიულეტენი დაიბეჭდა.

რაც შეეხება სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებს და მათ წარმომადგენლებს,  რომლებიც რეგისტრირებულები იყვნენ თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურზე, მათ უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდათ მეორე ტურზეც.

კენჭისყრა 20:00 საათამდე გაიმართება. 



ავტორი: MediaMall.ge