ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს - ცესკო-ში პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა
ამობეჭდვა · 2017-11-12 09:26:56 · 100 ნახვა

317-ვე საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის 08:00 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.

„ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს. 12 ნოემბრის არჩევნებში 6 საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ, მათგან 2 საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატია. ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე გადაეცემათ მხოლოდ ერთი საარჩევნო ბიულეტენი მერის ასარჩევად“, - აღნიშნა ანა მიქელაძემ.

საარჩევნო კომისიის სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ამომრჩევლებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ გამადიდებელი ლინზით, ბიულეტენის შესავსები ჩარჩო ფორმით და ასევე, ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი პოსტერით. რაც შეეხება ადაპტირებულ საარჩევნო უბნებს, მიქელაძის განცხადებით, აღნიშნული უბნები აღჭურვილია ხმის მიცემის სპეციალური კაბინებით.

რაც შეეხება დამკვირვებლებს, საარჩევნო კომისიის სპიკერის განცხადებით,არჩევნების მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია 2 143 წარმომადგენელი, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის 18 149 და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 654 დამკვირვებელი, რაც შეეხება მედია ორგანიზაციებს, რეგისტრირებულია 4 688 წარმომადგენელი.

საარჩევნო უბნების დახურვის და  ხმის დათვლის პროცედურის დაწყების შემდეგ, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.

 



ავტორი: MediaMall.ge