საინფორმაციო ბრიფინგი კენჭისყრის მიმდინარეობისა და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ 12:00 საათის მდგომარეობით
ამობეჭდვა · 2017-11-12 14:32:00 · 64 ნახვა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ მორიგ ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას კენჭისყრის მიმდინარეობისა და 12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

 

„საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.  ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელონ კონსტიტუციური უფლება და გამოხატონ საკუთარი ნება“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

 

მისივე თქმით,  12:00 საათის მდგომარეობით 6-ვე საარჩევნო ოლქში საერთო ჯამში ამომრჩეველთა აქტივობა  11.55 %-ს შეადგენს (37 917 ამომრჩეველი).

 

ამომრჩეველთა აქტივობა საარჩევნო ოლქების მიხედვით შემდეგია:

 

•           ყაზბეგი  - 17.4%

•           ხაშური  - 11.5%

•           ბორჯომი  -18.2%

•           ქუთაისი - 6.2%

•           ოზურგეთი - 21.5%

•           მარტვილი - 11.5%

 

რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით, ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში მცირე პროცედურული ხასიათის ხარვეზებთან დაკავშირებით შესულია 7 საჩივარი. საჩივრები დაწერილია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. მათ შორის, 2-2 საჩივარია შესული ბორჯომის, ქუთაისისა და ოზურგეთის საარჩევნო ოლქებში,  ხოლო ერთი საჩივარი - ხაშურში.

„#59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #124 საარჩევნო უბანზე გამოცხადდა და კენჭისყრის წინა პროცედურებში მიიღო მონაწილეობა პარტია „ქრისტიან-კონსერვატიული მოძრაობის“ მიერ დანიშნულმა წევრმა, რომელსაც უფლებამოსილება პარტიის მიერვე ჰქონდა შეწყვეტილი. კომისიის თავმჯდომარემ, აღნიშნული ინფორმაციის დადასტურებისთანავე მას საარჩევნო უბანი დაუყოვნებლივ დაატოვებინა. ასევე #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #76 უბანზე გადასატანი ყუთის სიაში შეცდომით იყო შეყვანილი ამომრჩეველი, რომელიც იყო საუბნო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი წევრის ოჯახის წევრი. გადასატანი ყუთის სიის შედგენისას დაშვებული იქნა მექანიკური შეცდომა და ნაცვლად ამომრჩევლისა შეყვანილი იყო განმცხადებელი”, - აღნიშნა ცესკოს სპიკერმა ბრიფინგის ბოლოს.  

 

 



ავტორი: MediaMall.ge