20:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ ექვსივე საარჩევნო ოლქის მიხედვით 33.24% შეადგინა
ამობეჭდვა · 2017-11-12 21:50:29 · 70 ნახვა

ექვს ოლქში 317 საარჩევნო უბანი უკვე დაიხურა. 20:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა ექვსივე საარჩევნო ოლქის მიხედვით 33.24%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე ტურში საკუთარი არჩევანი რეგისტრირებული 328 272 ამომრჩევლიდან 109 119-მა გააკეთა. ამის შესახებ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

ყველაზე აქტიური ოლქი მთელი დღის განმავლობაში იყო ოზურგეთი. 20:00 საათის მონაცემებით, ოზურგეთში საარჩევნო უბნებზე მივიდა ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლის – 56.7% ანუ 35 309 ადამიანი. ყველაზე პასიური იყო თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი – ბოლო მონაცემებით, აქ არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა მხოლოდ 17.98% ანუ 27 427 ადამიანი მივიდა.

ბორჯომში აქტივობა – 52.89% იყო (14 030 ადამიანი). ყაზბეგში ხმა მისცა 2813-მა ადამიანმა, ანუ 52.95%-მა. ხაშურში აქტივობა 34.66%-ს შეადგენს – 16 973 ამომრჩეველმა ისარგებლა ხმის უფლებით. მარტვილში კი 38.49 % ანუ 12 567 ამომრჩეველი მივიდა ოლქში გახსნილ საარჩევნო უბნებზე.

20:00 საათის მონაცემებით საოლქო კომისიებში შესულია 25 საჩივარი. ცესკო-ს ინფორმაციით, ყველა საჩივარი პროცედურულ ხარვეზებს ეხება.



ავტორი: Mediamall.ge