„გაანძრიეთ ხელი და ცოტა იძინეთ“ - წერილი ემიგრანტი ქალების შვილებს
ამობეჭდვა · 2017-11-12 23:57:02 · 288 ნახვა

საბერძნეთში, ფულადი გზავნილების კომპანიაში მომუშავე ერთ-ერთი თანამშრომლი სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს: 

„შემოდის ერთი ქართველი ქალბატონი დღეს და მესალმება.  თითქმის ყოველ კვირას აგზავნის საქართველოში ფულს. აგზავნის 100 ევროს და მთხოვს გავყო 3-ად, რადგან „ერთი და იგივე სახელზე თუ ერთბაშად მიუვათ, დახარჯავენ“-ო….

რაღაც ხურდები შემოაკლდა, ეძებს იქნებ ბოლო კაპიკი აქვს ჩანთაში. ვერ იპოვა, რომ გაგზავნის ფული დაეფარა... „იყოს, ქალბატონო, მე დავფარავ“, -  ვუპასუხე. „კარგი, შვილო, მაინც ხშირად მხედავ აქ, შემდეგ მოსვლაზე მოგიტან აუცილებლად... ხო, დღეს შაბათია, საქართველოში ხომ 2-ზე იკეტება ბანკი. მოიცა, შვილო დავურეკო, გადავცე კოდი, იქნებ მიუსწროს“ - მითხრა მან. ქალი რეკავს, ზარი გადის, ყურმილს არავინ იღებს... ბოლოს როგორც იქნა პასუხობს შვილი და დედას ეუბნება - „მაცალე, ქალო, ძილი“ და ყურმილი გაუთიშა. ეს საწყალი ქალი იდგა დათრგუნული, სამუშაოდან გამოპარული , არადა თვითონ სამსახურში უნდა გაბრუნდეს სანამ ბებია გაიღვიძებს.

P. S. აი, ასეთებს მინდა გითხრათ - გაუფრთხილდით მშობლებს და ნუ ექცევით ასე. ისინი არ გეყოლებათ ყოველთვის. 70 წელს გადაცილებულ მშობლებს ნუ მისცემთ იმის უფლებას, რომ მათზე იყოთ დამოკიდებულნი და ასე შორს გყავდეთ. დააბრუნეთ ისინი უკან და თქვენ ჩამობრძანდით აქ იმისთვის, რომ შეინახოთ მშობლები, გაანძრიეთ ხელი და ცოტა იძინეთ.

ვიცი ბევრს აგრესია გაგიჩნდებათ ჩემზე, მაგრამ 8 წელია ემიგარნტებს ვემსახურები და მე ეს 8 წელი ბევრი ტკივილიანი და ცრემლიანი თვალები მინახავს. ბევრჯერ ვცადე პროტესტი გამომეთქვა, ბევრჯერ თავი შევიკავე მაგრამ ახლა ვერა. მეც დედა ვარ და არ მაქვს სურვილი, რაც იმ ქალბატონმა დილით განიცადა, განვიცადო იგივე მომავალში. დედაზე უკეთესი ვერავინ დაგირეკავთ დილით, დამიჯერთ…”



ავტორი: Mediamall.ge