„ქართული ოცნების" აქტივისტები და „ქართული მარშის" წევრები ხაშურში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ამობეჭდვა · 2017-11-13 00:33:25 · 741 ნახვა

„ქართული ოცნების" მხარდამჭერებსა და „ქართული მარშის" წევრებს შორის ხაშურში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის დამკვირვებლები ავრცელებენ.

მათი თქმით, მმართველი პარტიის აქტივისტებმა, რომლებიც საზეიმო მსვლელობას აწყობდნენ, დამოუკიდებელი კანდიდატის რამაზ ნოზაძის საარჩევნო შტაბის წინ, ხმაურით ჩაიარეს.

რამაზ ნოზაძის შტაბის წინ ამ დროს „ქართული მარშის“ წევრები იმყოფებოდნენ. ისინი დამოუკიდებელ კანდიდატს მხარდაჭერას უცხადებენ და, როგორც თავად ამბობენ, გაყალბების თავიდან აცილების მიზნით, უბნებზე მოძრაობდნენ.

სწორედ ამ დროს მოხდა “ქართული ოცნების“ აქტივისტებსა და „ქართული მარშის“ წევრებს შორის დაპირისპირება, რომელიც პოლიციამ დროულად განმუხტა. ადგილზე ორი პიროვნება დააკავეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს. ამჟამად, სიტუაცია სტაბილურია.



ავტორი: Mediamall.ge