„ქართული ოცნება“ სოფელ ნასაკირალის 59-ე უბანზე განმეორებით კენჭისყრას მოითხოვს
ამობეჭდვა · 2017-11-13 01:17:45 · 113 ნახვა

„ქართული ოცნება“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალის 59-ე უბანზე განმეორებით კენჭსყრას მოითხოვს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღურჯუმელიძემ განაცხადა.

ღურჯუმელიძის თქმით, აღნიშნულ უბანზე ადგილი ჰქონდა უხეშ დარღვევებს.

"კომისიის წევრებზე ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებს - გაბათილებულ ბიულეტენებზე გადაწყვეტილების შეცვლის მიზნით, ასევე დღის განმავლობაში განხორციელდა კენჭისყრის შენობაში არაუფლებამოსილი პირების უკანონო შეჭრა, რის შესახებაც დილიდანვე დაიწერა საჩივრები. ჩვენ მოვითხოვთ უბნის გაბათილებას და განმეორებითი კენჭისყრის ჩატარებას", - განაცხადა გიორგი ღურჯუმელიძემ.

ცესკოს ვებგვერდზე, სოფელ ნასაკირალის 59-ე უბნიდან ოქმი საარჩევნო-საოლქო კომისიაში ჯერ შესული არ არის, ვინაიდან ვებგვერდზე შესაბამისი მონაცემი არ ფიქსირდება

ამ დროისთვის, ოზურგეთში 62 უბნიდან დათვლილია 58 უბანი. წინასწარი შედეგებით კი ოცნების კანდიდატი ბეგლარ სიორიძე მცირედი სხვაობით ლიდერობს - მას 50.16% აქვს, ხოლო დამოუკიდებელ კანდიდატს კონსტანტინე შარაშენიძეს 49.84%. 



ავტორი: Mediamall.ge