ირაკლი კობახიძე რუმინეთში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა
ამობეჭდვა · 2017-11-13 10:40:00 · 84 ნახვა

რუმინეთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი იწყება. ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, რუმინეთში უკვე გაემგზავრა.


საპარლამენტო დელეგაციის წევრის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, რუმინეთში გამართულ შეხვედრებზე ორმხრივი და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრებენ. დეპუტატი მიიჩნევს, რომ  ვიზიტი ქვეყნებს შორის ურთიერთობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.


„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იქნება რუმინეთში, იქიდან გამომდინარე, რომ შევხვდებით არა მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, არამედ რუმინეთის პარლამენტის ხელმძღვანელობას, მათ შორის, სენატის პრეზიდენტს. ვფიქრობ, ამ ვიზიტით,  ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავა. ჩვენ ერთმანეთს გავუზიარებთ საპარლამენტო გამოცდილებას. ასევე, ეს არის ქვეყანა, რომელიც 2007 წლიდან ევროკავშირის წევრია და ამ მიმართულებითაც საინტერესო საუბარი გაიმართება. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ სამდღიანი ვიზიტი ორი ქვეყნის, მათ შორის, ორი ქვეყნის პარლამენტების ურთიერთობებს  ახალ ეტაპზე გადაიყვანს“,- განაცხადა გამგზავრების წინ მამუკა მდინარაძემ.



ავტორი: MediaMall.ge