განათლების მომავალი მინისტრი საპროფესორო ოსკარის მფლობელია
ამობეჭდვა · 2017-11-13 11:14:00 · 876 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განათლების მინისტრის თანამდებობაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი წარადგინა.

ჩხენკელი აღნიშნულ თანამდებობაზე ალექსანდრე ჯეჯელავას შეცვლის.

"განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი და მინისტრის პოსტს დაიკავებს მიხეილ ჩხენკელი, რომელიც დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორია და მას კარგად იცნობენ აკადემიურ წრეებში. მიხეილ ჩხენკელი პროფესიით გახლავთ მათემატიკოსი. მან ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამთავრა პენსილვანიის უნივერსიტეტის დოქტორანტურა.ბატონი მიხეილი 20 წლის განმავლობაში ასწავლიდა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. მას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, მათ შორის პენსილვანიის უნივერსიტეტის არაერთი ჯილდო საუკეთესო სწავლებისთვის, Goldman Sachs-ის ფონდის პრემია, სამეცნიერო-კვლევითი გრანტები და სტიპენდიები. იგი კითხულობს ლექციებს ამერიკის შეერთებულ შტატებში და აქვს მჭიდრო პროფესიული კავშირები მრავალ წამყვან უნივერსიტეტთან, მათ შორის ჰარვარდის, პრინსტონის, პენსილვანიის, და ა.შ.,-განაცხადა პრემიერმა. 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი. აღნიშნულ პოსტზე ჩხენკელი 2016 წლის ნოემბრიდან მუშაობს.

მიხეილ ჩხენკელი წლების განმავლობაში პელსივანიის უნივერსიტეტში მუშაობდა. მას წარჩინებით აქვს დამთავრებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი. იგი 20 წლის განმავლობაში ასწავლიდა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში, მიღებული აქვს მრავალი ჯილდო სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, მათ შორის, საუკეთესო სწავლებისათვის საპროფესორო ოსკარი და სხვა. მიხეილ ჩხენკელმა ამერიკის შეერთებულ შტაბებში პელსივანიის უნივერსიტეტის დოქტორანტურა დაამთავრა და მინიჭებული აქვს მათემატიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. იგი 2008 წლიდან საქართველოშია და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დამფუძნებელთა საბჭოს წევრია.



ავტორი: MediaMall.ge