გიორგი მღებრიშვილის შემცვლელის ვინაობა ცნობილია
ამობეჭდვა · 2017-11-13 11:29:00 · 97 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დააგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებზე საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. 

გიორგი გახარია შსს-ს მინისტრის თანამდებობაზე გიორგი მღებრიშვილს შეცვლის.

"ეკონომიკის მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია ინიშნება შინაგან საქმეთა მინისტრად. შინაგან საქმეთა სამინისტროს როლი, პოლიციელის პრესტიჟი, დანაშაულთან ბრძოლა და საზოგადოებრივი წესრიგი არის ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ამ პრიორიტეტის ხაზგასასმელად, მინისტრი ამავდროულად დაიკავებს ვიცე-პრემიერის პოსტს. გიორგი გახარია სწორედ მენეჯერული გამოცდილებით არის შერჩეული ამ პოსტზე და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ის წარმატებული მინისტრი იქნება",-განაცხადა პრემიერმა.  

რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას შემცვლელს, ამ თანამდებობაზე ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაბრუნდება.

"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე ინიშნება დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის სტატუსს და კოორდინაციას გაუწევს ეკონომიკური გუნდის მუშაობას.

თქვენ იცით, რომ ეკონომიკის სწრაფი განვითარება, რომელიც ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, კიდევ უფრო მოქნილი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას ითვალისწინებს. ეკონომიკის სამინისტრო მულტისექტორული უწყებაა და პასუხისმგებელია არა მხოლოდ ზოგადად ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავებაზე, არამედ საგარეო ვაჭრობის, ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ინოვაციურ მოწყობაზე და სხვა სექტორულ განვითარებაზე. ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების მართვის და ეკონომიკის სხვა მიმართულებების ერთი "ქოლგის“ ქვეშ მოქცევა ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას უფრო ეფექტიანს და შედეგზე ორიენტირებულს გადის",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.  

საქართველოს ფინანსთა მინისტრად გიორგი კვირიკაშვილმა "საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე წარადგინა.

"ფინანსთა მინისტრად ინიშნება მამუკა ბახტაძე, რომელიც ამჟამად „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორია. მას აქვს ძალიან კარგი განათლება და გამოცდილება და აჩვენა კონკრეტული შედეგები „საქართველოს რკინიგზის“ მართვის პირობებში. სწორედ ამ პერიოდში მოხდა საქართველოს რკინიგზის ინტეგრაცია აბრეშუმის გზის დერეფანში, დაიწყო ყურის ქვეყნებისა და შავი ზღვის დამაკავშირებელი ახალი სატრანზიტო დერეფნის შექმნაზე ძალიან აქტიური მუშაობა; მოხდა თანამედროვე მართვის სისტემების დანერგვა და ახალი, თანამედროვე მოძრავი შემადგენლობის შემოყვანა. მამუკა ბახტაძე გახლავთ ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, მან ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მოიპოვა INSEAD-ის ცნობილ ბიზნესსკოლაში, საფრანგეთში"-აღნიშნა პრემიერმა. 



ავტორი: MediaMall.ge