დაზვერვის სამსახური სუს-ს უერთდება
ამობეჭდვა · 2017-11-13 11:32:00 · 212 ნახვა

პარლამენტს წარედგინება ცვლილება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება დაზვერვის სამსახური. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"ამ სფეროში ჩვენ უკვე განვახორციელეთ უმნიშვნელოვანესი ცვლილებები და უსაფრთხოების სამსახურის გაძლიერება მხოლოდ მისასალმებელია. საგარეო დაზვერვა სწორედ ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილია და ამ ცვლილებითაც ხდება ლოგიკური ჯაჭვის შეკვრა“, - განაცხადა პრემიერმა.

გარდა ამისა, პრემიერის განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს შეურთდება, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო კი ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში გადანაწილდება. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო  კულტურის სამინისტროს უერთდება. საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე უხელმძღვანელებს.

რაც შეეხება მინისტრებს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გიორგი მღებრიშვილს გიორგი გახარია შეცვლის, ის ასევე იქნება ვიცე-პრემიერი. 

ერთიანდება შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო - შედეგად იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი, რომელსაც გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს.

ეკონომიკის მინისტრად ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაბრუნდება. ქუმსიშვილი პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკური ბლოკის კოორდინატორი იქნება.

ფინანსთა მინისტრი კი "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი, მამუკა ბახტაძე იქნება.  



ავტორი: MediaMall.ge