პრემიერმა სამთავრობო ცვლილებების მიზეზები განმარტა
ამობეჭდვა · 2017-11-13 11:45:14 · 169 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით,  თანამედროვე სახელმწიფოს შექმნის გზაზე დადგა ეტაპი, რომ ცვლილებები შეეხოს მმართველობით სტრუქტურებს, რათა კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი ჩამოყალიბდეს, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია. სწორედ ესაა დაგეგმილი ცვლილებების არსი.

"რაც შეეხება სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების არსს, რატომ არის ეს უაღრესად მნიშვნელოვანი? ჩვენი ყველა საარჩევნო დაპირება და რეფორმა ემსახურებოდა და ემსახურება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფას და სწრაფ განვითარებას. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ჩვენ განვახორციელეთ არაერთი მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილება.

შსს-ს, პროკურატურის, სასამართლოს, სასამართლოს, სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმების მთავარი ორიენტირი ყოველთვის იყო და არის ადამიანი. სწორედ ამიტომ ყველა ამ ცვლილებამ შედეგად გამოიღო ადამიანთა უფლებების მიმართულებით მიღწეული უდიდესი პროგრესი, რაც აღიარებულია ყველა საერთაშორისო შეფასებაში.

ჩვენ ასევე ძირეულად შევცვალეთ და ადამიანზე ორიენტირებული გავხადეთ: ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკის მიმართულებით განხორციელებული მრავალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც რიგით ადამიანებს ახალ შესაძლებლობებს აძლევს.

ამავე დროს, ჩვენი ხელწერაა, რომ ცვლილებები მაქსიმალურად უმტკივნეულოდ, არა რადიკალურად, არამედ ევოლუციურად განვახორციელოთ.

თანამედროვე სახელმწიფოს შექმნის გზაზე დადგა ეტაპი, რომ ცვლილებები შეეხოს მმართველობით სტრუქტურებს, რათა კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი ჩამოყალიბდეს, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია. სწორედ ესაა დაგეგმილი ცვლილებების არსი.

დარწმუნებული ვარ, რეფორმები და ცვლილებები ძალიან პოზიტიურ გავლენას მოახდენს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაზე", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



ავტორი: mediamall.ge