სამინისტროების რაოდენობა 14-მდე მცირდება
ამობეჭდვა · 2017-11-13 12:01:00 · 143 ნახვა

საქართველოს მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შედეგად, სამინისტროების რაოდენობა 18-დან 14-მდე მცირდება.

კონკრეტულად: ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო უწყებას უერთდება. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი. 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი. 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი. 

გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 

გარდა ამისა, პარლამენტს წარედგინება ცვლილება,რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება საგარეო დაზვერვის სამსახური.  

ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად, იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი, 

საქართველოს მთავრობას, საკადრო და სტრუქტურული რეორგანიზაციის გამო, პარლამენტის მხრიდან ნდობის ხელახლა გამოცხადება სჭირდება.

"ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩატარებული მორიგი დემოკრატიული არჩევნები, ამომრჩევლის მიერ გამოცხადებული უდიდესი ნდობა, გვანიჭებს მანდატს, შეუქცევადად განვაგრძოთ ჩვენს მიერ აღებული კურსი. მეტიც, გამოვაცხადოთ ცვლილებების ახალი ტალღა, რომელიც კიდევ უფრო უკეთ პასუხობს არსებულ გამოწვევებს და მოემსახურება ჩვენს უმთავრეს მიზანს - ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველყოფას და ქვეყნის სწრაფ განვითარებას. ამისთვის, ვგეგმავთ მთელი რიგი სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას, რომელზეც ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობდა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დაგეგმილი ცვლილებები მოემსახურება მეტ პროგრესს, თანამედროვე სახელმწიფოსა და კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს. წარმოგიდგენთ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების პროექტს, რომლის მიხედვითაც იგეგმება მთავრობის სტრუქტურის ცვლილება და რომელსაც მოჰყვება შესაბამისი საკადრო გადაადგილებები",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 



ავტორი: MediaMall.ge