ვიქტორ დოლიძე, რომლის უწყებასაც დღეს სტრუქტურული ცვლილება შეეხო, საქართველოში არ იმყოფება
ამობეჭდვა · 2017-11-13 12:33:00 · 147 ნახვა

მთავრობაში განხორციელებული საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები ვიქტორ დოლიძის უწყებასაც შეეხო.  

პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადებიდან გაირკვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და მინისტრის პოსტს ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე დაიკავებს. თავად მინისტრი საქართველოში არ იმყოფება, ის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სერბეთში მართავს შეხვედრებს. მანამდე კი, გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც პრესსამსახურის ინფორმაციით, "აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის მზადების საკითხები, NATO-ში ინტეგრაციის პროცესი და საქართველოს მიერ რეფორმების განხორციელების კუთხით დაფიქსირებული პროგრესი განიხილა".

"ახალი გამოწვევები, რომელიც ევროინტეგრაციის მიმართულებით გვაქვს, გულისხმობს გაცილებით უფრო ფართო კონტექსტს, რომელიც მთელი ჩვენი საგარეო უწყების პრიორიტეტი და ძირითადი ხაზია. თავისთავად ის, რომ ამ მიმართულებას ვიცე-პრემიერი ფარავს, მიუთითებს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული შიდა რეფორმების კოორდინაციის აუცილებლობაზე",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვიქტორ დოლიძემ "თავისუფალი დემოკრატები" დატოვა. 

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად ის 2016 წლის ნოემბერში წარადგინეს.

 



ავტორი: MediaMall.ge