საქართველოს ერთობლივი ვიზიტით შვედეთის სამეფოს და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან
ამობეჭდვა · 2017-11-13 13:13:00 · 62 ნახვა

2017 წლის 14 ნოემბერს, საქართველოს ერთობლივი ვიზიტით ეწვევიან შვედეთის სამეფოს და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრები, მარგოტ ვალსტრომი და ვიტოლდ ვაშჩიკოვსი.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი ვიზიტი წარმოადგენს ევროკავშირის მხრიდან ძალზედ მნიშვნელოვან გზავნილს და საქართველოს მიმართ არსებული მხარდაჭერის კიდევ ერთ მკაფიო დემონსტრირებას.  

აღსანიშნავია, რომ ვიზიტს სიმბოლური დატვირთვაც აქვს - შვედეთი და პოლონეთი არიან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატორი ქვეყნები და 2009 წლიდან, ინიციატივის დაარსებიდან მოყოლებული მათ დიდი წვლილი მიუძღვით ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერისა და პარტნიორობის განვითარების კუთხით. შესაბამისად, მინისტრების საქართველოში ვიზიტს ბრიუსელის სამიტამდე სულ რაღაც ათიოდე დღით ადრე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

შეხვედრაზე მხარეები მიმოიხილავენ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებს და პრიორიტეტულ მიმართულებებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა 2017 წლის 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის მიმდინარე სამზადისს. ამასთანავე, მხარეები განიხილავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, იმსჯელებენ შვედეთის სამეფოსთან და პოლონეთის რესპუბლიკასთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში არსებულ ურთიერთობებზე და მათი სამომავლოდ გაღრმავების პერსპექტივებზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრები გამართავენ ერთობლივ პრეს-კონფერენციას.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შვედეთის სამეფოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი რანგის წარმომადგენლებთან. ასევე, იგეგმება ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) საველე ოფისისა და ოკუპაციის ხაზის მონახულება; ამასთანვე, დაგეგმილია შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.



ავტორი: MediaMall.ge