ცნობილი გახდა, სად განაგრძობს საქმიანობას დაზვერვის სამსახურის უფროსი (ექსკლუზივი)
ამობეჭდვა · 2017-11-13 13:56:00 · 326 ნახვა

მთავრობაში განხორციელებული საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ, ჯერჯერობით გაურკვეველია, სად განაგრძობენ საქმიანობას განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა, გარემოს დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ვიქტორ დოლიძე, კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე.

რაც შეეხება დაზვერვის სამსახურის უფროსს, ჩვენი ინფორმაციით, ის დაზვერვის სამსახურში განაგრძობს საქმიანობას და ამავე მიმართულებას უხელმძღვანელებს, რომელიც თავის მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს-ი) შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ დაგეგმილი ცვლილებების შესახებ დღეს პრემიერმა განაცხადა.

ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო უწყებას უერთდება. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი. 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი. 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი. 

გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 

გარდა ამისა, პარლამენტს წარედგინება ცვლილება,რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება საგარეო დაზვერვის სამსახური.  

ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად, იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი, 

საქართველოს მთავრობას, საკადრო და სტრუქტურული რეორგანიზაციის გამო, პარლამენტის მხრიდან ნდობის ხელახლა გამოცხადება სჭირდება.



ავტორი: MediaMall.ge