მე დავბრუნდები ბიზნესში და ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებ - ტარიელ ხეჩიკაშვილი
ამობეჭდვა · 2017-11-13 15:25:00 · 102 ნახვა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი ბიზნესსექტორში ბრუნდება. ამის შესახებ ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც სპორტის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა. 

"დარწმუნებული ვარ, რომ ის აღმშენებლობის პროცესი, რომელიც ჩვენი მთავრობის პირობებში ქართულ სპორტში მიმდინარეობდა, აუცილებლად გაგრძელდება.

მე, რა თაქმა უნდა, ვრჩები ქართული სპორტის და ქვეყნის სამსახურში - სპორტს ვემსახურებოდი ბიზნესიდან, ახლა მინისტრის რანგში და ასე იქნება მომავალშიც. ჩემთვის ქვეყნის და სპორტის სიყვარული არის ერთ-ერთი უპირველესი. იმ დიდი გამოცდილების შემდეგ, რომელიც მინისტრობის პერიოდში მივიღე, კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შევძლებ.

ცხადია, ვესაუბრე მიხეილ გიორგაძეს, ჩვენ ვართ კოლეგები და მეგობრები. მე მაქსიმალურად შევუწყობ ხელის იმას, რომ ის რეფორმები, რაც სამინისტროში დავიწყეთ, გაგრძელდეს და წარმატებული იყოს ქართული სპორტისთვის.

მე დავბრუნდები ბიზნესში და იქიდანაც ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებ ქართული სპორტის სასიკეთოდ“.

მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების თანახმად, სპორტის სამინისტრო კულტურის სამინისტროს შეუერთდა, რომელსაც მიხეილ გიორგაძე უხელმძღვანელებს. 



ავტორი: MediaMall.ge