ირაკლი კობახიძე რუმინეთის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტს შეხვდა
ამობეჭდვა · 2017-11-13 17:39:00 · 86 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რუმინეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. პირველი შეხვედრა ირაკლი კობახიძემ რუმინეთის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტთან, ლივიუ დრაგნეასთან გამართა.


მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობებისა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.


ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართველი და რუმინელი ხალხის ისტორიულ მეგობრობას ღრმა ფესვები აქვს და სასიხარულოა, რომ მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა უკვე 25 წელია გრძელდება, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების დიპლომატიური ურთიერთობა.


ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს პარლამენტსა და რუმინეთის დეპუტატთა პალატას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა.  შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთთან აქტიურად იმუშავებენ საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები და კომიტეტები.


მხარეების განცხადებით,  საქართველოსა და რუმინეთს შორის ურთიერთობები პარტნიორობის სტრატეგიულ დონეზე უნდა გადავიდეს, რადგან ქვეყნებს საერთო ღირებულებები, ინტერესები და ამოცანები აკავშირებს.  ირაკლი კობახიძემ და ლივიუ დრაგნეამ იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნების სტრატეგიული პარტნიორობა სამაგალითო გახდება შავი ზღვის აუზში მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარებისთვის.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის ეკონომიკური, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით  თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს, რისთვისაც ქვეყნებმა აქტიურად უნდა იმუშაონ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, რომლის რატიფიცირებაც პირველად რუმინეთმა მოახდინა, ქვეყნებს შორის სულ უფრო ღრმავდება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, რასაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.


საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და ამ პროცესში ჩვენი ქვეყნის მიღწეულ წარმატებებს. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაა და ამიტომ, ჩვენი ქვეყნისთვის რუმინეთის ისტორიული გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

თავის მხრივ,  ლივიუ დრაგნეამ აღნიშნა, რომ  რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს და მზადაა, ამ პროცესში ჩვენს ქვეყანას დახმარებაც გაუწიოს.
მხარეებმა  რეგიონში არსებული გამოწვევებზე იმსჯელეს და  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს.


რუმინეთის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.
 



ავტორი: MediaMall.ge