ვიქტორ დოლიძე არის გუნდის წევრი და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული - საგარეო საქმეთა მინისტრი
ამობეჭდვა · 2017-11-13 17:43:00 · 109 ნახვა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, რომლის უწყებასაც ვიქტორ დოლიძის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი შეუერთდა, უწყების გარეშე დარჩენილი მინისტრი გუნდის ღირებულ ნაწილად მოიხსენია. 

”ვიქტორ დოლიძე არის ჩვენი გუნდის ღირებული ნაწილი. შესაბამისად, ის ინფორმირებული და ჩართული იყო ცვლილებების შემუშავების პროცესში. ის დარჩება ჩვენი გუნდის წევრად. ბატონ ვიქტორ დოლიძეს აქვს დიდი გამოცდილება. ის არამხოლოდ სახელმწიფო აპარატს ხელმძღვანელობდა, არამედ პარლამენტში შესაბამის კომიტეტს ხელმძღვანელობდა. ის არის ჩვენი სისტემის ღირებული წევრი. დოლიძის შემდგომ ნაბიჯებზე მას შემდეგ ვისაუბრებთ, რაც საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება. მას აქვს დიდი და ღირებული გამოცდილება. ის არის გუნდის წევრი და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული”, -განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 

მთავრობაში განხორციელებული საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები ვიქტორ დოლიძის უწყებასაც შეეხო.  

პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადებიდან გაირკვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და მინისტრის პოსტს ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე დაიკავებს. თავად მინისტრი საქართველოში არ იმყოფება, ის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სერბეთში მართავს შეხვედრებს. მანამდე კი, გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა

"ახალი გამოწვევები, რომელიც ევროინტეგრაციის მიმართულებით გვაქვს, გულისხმობს გაცილებით უფრო ფართო კონტექსტს, რომელიც მთელი ჩვენი საგარეო უწყების პრიორიტეტი და ძირითადი ხაზია. თავისთავად ის, რომ ამ მიმართულებას ვიცე-პრემიერი ფარავს, მიუთითებს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული შიდა რეფორმების კოორდინაციის აუცილებლობაზე",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვიქტორ დოლიძემ "თავისუფალი დემოკრატები" დატოვა. 

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად ის 2016 წლის ნოემბერში წარადგინეს.



ავტორი: MediaMall.ge