"ათენის ქართველთა სახლი დამეთანხმება, რომ ეკას მიერ ნათქვამი ყველა სიტყვა არის ტყუილი" - მამუკა ლიპარტელიანი
ამობეჭდვა · 2017-11-13 19:05:32 · 4272 ნახვა

მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა ცოტა ხნის წინ "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ათენში მცხოვრებ ქართველზე, ვინმე მამუკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი დაპირებების საფუძველზე დაგირავებული ბინა ჩააბარა, ყველაფერი გაყიდა და უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფება. 

კვალიაშვილის ამ განცხადებას ათენში მოღვაწე მამუკა ლიპარტელიანი გამოეხმაურა და "პრაიმტაიმს" ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

– ათენში არსებული ორგანიზაცია ქართველთა საკრებულო, ათენის ქართველთა სახლი დამეთანხმება, რომ ეკას მიერ ნათქვამი ყველა სიტყვა არის ტყუილი. ეკა კვალიაშვილს ვერავინ ვერ მასწავლის, 30 წელიწადია ვიცნობ, მეგობრები გახლდით. როცა საქართველოში ჩამოვდიოდი, ეკას ყოველთვის ვნახულობდი. მე ვიცოდი ეკას გაჭირვებული მდგომარეობა, რომ ყოველდღე მშიერი იყო, ასე მეუბნებოდა, როცა ათენში მირეკავდა. ერთ-ერთ ასეთ ჩამოსვლაზე, გავითვალისწინე რა ეკას ფინანსური მდგომარეობა, მე და ჩემმა მეგობარმა ადვოკატმა ირმამ გადავწყვიტეთ, ეკასთვის ხონის რაიონში კონცერტი გაგვეკეთებინა, რომ ორი კაპიკი შემოსავალი გასჩენოდა. შევთავაზეთ ეკას მისი სოლო კონცერტი. 1500 ლარი უნდა გადაგვეხადა ჰონორარი. ეკამ უარი გვითხრა, ხონში როგორ წავალ 1500 ლარად, 3000 მაინც უნდა გადამიხადოთ, თან წინასწარო. ირმამ მითხრა, ადამიანს, რომელსაც ერთი კილოგრამი კარტოფილის ყიდვის საშუალება არ აქვს და 2 საათში ათას ხუთას ლარზე უარს ამბობს, მე მასთან საუბარს ვამთავრებო. ამით ეს თემა დამთავრდა ეკასთან, მაგრამ მისი მდგომარეობა ყოველთვის მაწუხებდა. როცა ათენში დავბრუნდი, შეხვედრა მქონდა ქართული სახლის ორგანიზაციის წევრებთან: ათენის ქართული სკოლის დირექტორთან, დარეჯან ღამბაშიძესთან და ათენის ქართული საკრებულოს თავმჯდომარესთან, ავთანდილ გიუნაშვილთან. დარეჯანმა მითხრა, რომ სურდა ბავშვებისთვის ქართული მუსიკალური სტუდია გაეკეთებინა და პედაგოგს ეძებდა. მაშინვე ეკა გამახსენდა. დავურეკეთ იქიდან ეკას, ვესაუბრეთ ჩვენი იდეის შესახებ, დავპირდით, რომ ბავშვების მოძიებაშიც დავეხმარებოდით და ბინის ქირაობაშიც. გაუხარდა. მერე ინფორმაცია გავუშვით ათენში, მაგრამ დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ამის მიუხედავად, დარეჯანს ვთხოვე, მაინც გვეცადა, გაგვეკეთებინა ეკასთვის ვიზა. ჩავრიეთ საელჩო, საგარეო სამინისტრო და თვე-ნახევარში გავუკეთეთ სამთვიანი სამუშაო ვიზა, რაც ძალიან რთულია აქ. ეკა გავაფრთხილე, რომ გამოხმაურება დიდად არ იყო. ანალოგიური იყო მოსკოვშიც, როცა ჩავედი და როცა გაიგეს, რომ უკვე იქ ვიყავი, უამრავი ბავშვი მოვიდაო, მიპასუხა. ახლა ბინას გადავაგირავებ და ორი კაპიკიც გამიჩნდებაო. ვურჩიე, თუ თანხა გაქვს, აქ ბინები ძალიან იაფია და 10 ათასად იყიდი კიდეც-მეთქი. საიტზე დადებული ბინებიც გავუგზავნე საჩვენებლად. მარტი იყო. 20 მარტისთვის თემურ თათარაშვილის კონცერტს ვგეგმავდი ათენში. ეკას ვუთხარი, რადგან აქ იქნები, თემურის კონცერტში შენც მიიღე მონაწილეობა-მეთქი. მე „ც“ ვარო, ეწყინა. ცუდად არ მითქვამს ნამდვილად, მაგრამ არანაირ ჰონორარზე მოლაპარაკება არ ყოფილა. ჩამოვიდა ეკა, დავხვდი, ჩემი მეგობრის ოჯახში ცხოვრობდა, დედოფალივით ჰყავდათ. ეკას ჩამოსვლიდან სამ დღეში თემურის კონცერტი მქონდა დაგეგმილი, ვუთხარი, სამი დღე მაცადე და მოგაქცევ ყურადღებას-მეთქი. არ მოითმინა, ჩემს კონკურენტ ორგანიზაციაში მივიდა, დაიწყო ლაპარაკი სტუდიაზე, ბავშვებზე, მათთან ერთად უნდოდა გაეკეთებინა. მეწყინა. არ მივაქციე ამასაც ყურადღება, გამოვიყვანე თემურის კონცერტზე. ხუთი სიმღერა შეასრულა და ჰონორარი გადავუხადე. მართალია, ერთი თვის დაგვიანებით, რადგან სპონსორმა დააგვიანა თანხის გადმორიცხვა, მაგრამ გადავუხადე. ამის ფაქტები მაქვს, ფაისბუკის მესენჯერში კოდი, რომელიც ეკას მივწერე, საიდანაც აიღო 500 ევრო. ტყუილია, რომ ამბობს, თითქოს სოლო კონცერტი გამართა ათენში. მისი კონცერტის არცერთი ბილეთი არ გაიყიდა. ჰკითხეთ თემო თათარაშვილს, იქ იყო. 

– ეკა თბილისში იყო უკვე, როცა თქვენ ჰონორარი გადაუხადეთ?

– არა, ათენში გახლდათ ჯერ კიდევ. იმასაც ცრუებს, როცა ამბობს, რომ 5 თვე ცხოვრობდა ათენში. სამთვიანი ვიზა გქონდა, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. 25 მაისს ეწურებოდა ვიზა...

– მამუკა, როგორ ფიქრობთ, რაში სჭირდება ეკას ამდენი ტყუილი, ასეთი ცილისწამება, რა ინტერესი აქვს?

– გეტყვით. ისე არ გამიგოთ, რომ თავს ვიმართლებდე, მინდა პასუხი გავცე ეკას ტყუილებს. მე გამოვედი განტევების ვაცი, რომ თურმე მე დავტოვე უსახლკაროდ, მე, მამუკა ლიპარტელიანმა, რომელსაც 17 წლის განმავლობაში უამრავი ქართველი მსახიობი მყავს ჩამოყვანილი ათენში, უცნობი მომღერლებიც კი და სიბერეში ჩემი მეგობარი, ეკა კვალიაშვილი დავტოვე უსახლკაროდ?! ეს არის სრული სიცრუე, ნებისმიერ სიტუაციაში დავამტკიცებ ამას სამართლებრივად. ელემენტარული ლოგიკაა, ორი კვირის წინ ეკა კვალიაშვილი თქვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ მამუკა ლიპარტელიანმა „გადააგდო“, მაშ სექტემბრის თუ აგვისტოს ბოლოს გია ჯაჯანიძის შოუში რატომ ყვება, რომ თურმე სარეაბილიტაციო კურსისთვის იყო ჩამოსული ათენში?! ტყუილია, ეს მე ჩამოვიყვანე ათენში, მე, მამუკა ლიპარტელიანმა, არავითარი სარეაბილიტაციო კურსი, მაგისი რეაბილიტაცია კაფე-რესტორანი იყო... სამძიმარი არ მითხრეს დედის გარდაცვალების გამო მეგობრებმაო, რომ ამბობს, ვერ ვიპოვეთ, ბარიდან – ბარში, რესტორნიდან რესტორანში დადიოდა ამ დროს. ამას რატომ არ ამბობს?!

– კითხვას ვიმეორებ, ეკას ინტერესი რა არის?

– თავი უნდა შეაცოდოს ხალხს, რომ ისევ ჩაუტარონ საქველმოქმედო ღონისძიება, რომ ფული აიღოს ან ბინა უყიდონ, აჩუქონ. ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია. თაღლითი თავად არის. 

– რას ეტყვით დღეს ეკას?

– უნდა რცხვენოდეს. ყველამ გაიცნო ეკა კვალიაშვილი, მთელმა ათენმა. უნდა დამიმტკიცოს ის, რაც ილაპარაკა... უნდა რცხვენოდეს! ნეტავ, ისეთი ადამიანი იყოს, როგორიც მომღერალია. დაანებოს თავი ამ მანიპულაციებს. მისმა შვილმა რომ სამიათასლარიანი ტელეფონი იყიდა რამდენიმე დღის წინ, როცა დედა ჰყავს ქუჩაში, იმაზე ილაპარაკოს. 

– აპირებთ, სამართლებრივად მოსთხოვოთ პასუხი?

– მე ვესაუბრე ჩემს ადვოკატებს, მაგრამ ვინაიდან ის ჩემს გვარს არ ამბობს ინტერვიუში, ჯერ ამ პასუხს დავჯერდები... ეშმაკია, შეგნებულად არ ასახელებს ჩემს გვარს ინტერვიუში, კარგად იცის, რომ ამისთვის პასუხს სამართლებრივად მოვთხოვდი. 



ავტორი: Mediamall.ge