ვიქტორ დოლიძის კანდიდატურა შვეიცარიაში საქართველოს ელჩად განიხილება
ამობეჭდვა · 2017-11-13 21:53:38 · 406 ნახვა

imedinews.ge-ს ინფორმაციით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, შესაძლოა, შვეიცარიაში საქართველოს ელჩად დაინიშნოს.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ დღეს გაჟღერებული სამთავრობო ცვლილებების მიხედვით, ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდა.

სამთავრობო ცვლილების მიხედვით, თანამდებობებს ტოვებენ გიორგი მღებრიშვილი, ალექსანდრე ჯეჯელავა, ტარიელ ხეჩიკაშვილი, გიგლა აგულაშვილი, ვიქტორ დოლიძე და ილია ელოშვილი. 

სამთავრობო კაბინეტში ორი ახალი სახეა: მამუკა ბახტაძე, რომელიც ფინანსთა მინისტრის პოსტს რკინიგზის ხელმძღვანელი დაიკავებს. განათლების მინისტრის თანამდებობაზე კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი ინიშნება.

ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობიდან გადის და კრიზისების მართვის საბჭოში ერთიანდება, რომელსაც გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს.



ავტორი: Mediamall.ge