„თუ გავჩერდი, მთლიანად გავშეშდები“ - კობა დავითაშვილი
ამობეჭდვა · 2017-11-13 23:36:50 · 756 ნახვა

გთავაზობთ ინტერვიუს ნაწყვეტს კობა დავითაშვილთან, რომელიც “ალიას“ ექსკლუზიურად ესაუბრა. მან გამოცემასთან თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა:

– მას შემდეგ, რაც სასამართლო პროცესზე ემოციურად გამოხვედით, მთელი საქართველო თქვენი გულშემატკივარი გახდა. შესაძლოა, თანაგრძნობა გაღიზიანებდეთ და თვლიდეთ, რომ შესაცოდი არ ხართ, მაგრამ ყველა დაინტერესდა, რეალურად, რა დაემართა კობა დავითაშვილს, რა დაავადება სჭირს? როგორც პოლიტიკოსი, საზოგადოებამ განყენებულად დაგაყენათ, მაგრამ, როგორც ადამიანს, ყველა თანაგიგრძნობთ…

– ჩემი დიაგნოზია მაანკილოზებელი სპონდილიტი, ანუ ბეხტერევის დაავადება, ეს დაავადება საკმაოდ იშვიათია, ძალიან გავრცელებული არ არის და არც ბოლომდე შესწავლილი არ არის და არც ბოლომდე იკურნება, ეს არის აუტოიმუნური დაავადება, როდესაც შენივე იმუნური სისტემა, რომელიც სხვა დაავადებებს უნდა ებრძოლოს, ებრძვის შენივე ორგანიზმს. ამ დაავადების დიაგნოზირება საკმაოდ რთულია და სანამ არ გამოიკვეთება ნიშნები, უჭირთ დიაგნოზირება, ამ დაავადების იშვიათობის გამო და იმის გამოც, რომ სისხლის ანალიზისა და/ან სხვა რაიმე ფორმით მისი დადგენა ძნელია. ამ დაავადების გამომწვევი მიზეზია ან ტრავმა, ან ინფექცია. ჩემს შემთხვევაში მიზეზი ტრავმა გახდა. როგორც წესი, ამ დაავადების გამოვლენა ხდება საშუალოდ 10 წელიწადში. ასე რომ, 2007 წლის 7 ნოემბრიდან ზუსტად 10 წელი გავიდა და, შესაბამისად, ამ დაავადებამ 10 წლის შემდეგ იჩინა თავი. დარტყმის შედეგად კისრის მალებში ორი ხრტილის ჩავარდნა მოხდა, ამ მომენტში ჩემმა ორგანიზმმა აღიქვა, როგორც უცხო სხეული, თითქოს რაღაც შემერჭო და დაუწყო ბრძოლა, ახლა უკვე მთელი ხერხემლის ანთება მაქვს. უსიამოვნო რაც ახლავს, ეს არის, ფეხებიდან იწყება და ზევით ამოდის სპაზმი, ახლა ფეხებს მე ვერ ვგრძნობ. ისეთი განცდა მაქვს, რომ ოჩოფეხებზე ვდგავარ და ეს სპაზმთან ერთად ხელს მიშლის სიარულში და ძნელად დავდივარ. თუმცა მოძრაობა სავალდებულოა, რადგან, თუ გაჩერდი, მთლიანად გაშეშდები.



ავტორი: Mediamall.ge