დღეს თბილისის საკრებულოში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
ამობეჭდვა · 2017-11-14 09:02:17 · 100 ნახვა

თბილისის საკრებულოში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა 14 ნოემბერს, 11:00 საათზე გაიმართება. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში იწვევს.

კანონის მიხედვით, ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომას, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გახსნის. შემდეგ კი საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე მას მუნიციპალიტეტის საკრებულოს უხუცესი წევრი ფრიდონ ინჯია გაუძღვება. 

მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე დეპუტატები საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს აირჩევენ. 

როგორც ცნობილია, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ტყემალაძე იქნება. 

მეექვსე მოწვევის საკრებულოს მიერ ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ, დეპუტატებს პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს უკვე ახალი თავმჯდომარე წარუდგენს. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე წარდგენილია გიორგი ახვლედიანის, მოადგილეებად კი მარიკა დარჩიასა და დავით უჯმაჯურიძის კანდიდატურები.



ავტორი: Mediamall.ge