კახა კალაძის დავალებით, წურწუმიას ქუჩაზე ხვალიდან გზის საფარის დაგება დაიწყება
ამობეჭდვა · 2017-11-14 14:50:00 · 497 ნახვა

წურწუმიას ქუჩაზე გზის საფარის დაგება ხვალ დილიდან დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ წურწუმიას ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების გაცნობის შემდეგ განაცხადა. კახა კალაძე წურწუმიას ქუჩის მოსახლეობასაც გაესაუბრა და პროექტის განხორციელებისას შექმნილი დისკომფორტისთვის მათ ბოდიში მოუხადა.


„წურწუმიას ქუჩაზე ვიმყოფებით, სადაც მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები. აქ, ფაქტობრივად, ყველაფერი გამოიცვალა - მიწისქვეშა კომუნიკაციები, სანიაღვრეები, თუმცა, მოსახლეობა ცოტა უკმაყოფილო იყო არსებული მდგომარეობით და ძალიან ბევრი წერილი შემომივიდა პირადად, მე, ფეისბუქზე. მოვედით, მოვინახულეთ არსებული სიტუაცია და დავალება იქნა გაცემული, რომ ხვალიდან უკვე დაიწყოს გზის საფარის სამუშაოები, გზის დაგება და ძალიან მალე დასრულდება ამ კონკრეტული ქუჩის რეაბილიტაცია. კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში მოვუხადო ადგილობრივ მაცხოვრებლებს, მოსახლეობას, მაგრამ ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტები ხშირ შემთხვევაში იწვევს მსგავსი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობას. ჩვენ როდესაც განვახორციელებთ პროექტს, იქ ყველაფერი იქნება გაკეთებული, მიწისქვეშა სამუშაოებს ვგულისხმობ - კანალიზაცია, სანიაღვრეები, წყლის მილები და ა.შ. რომ მერე, წლების განმავლობაში, პრობლემა აღარ შეიქმნას,“ - აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ.


კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ავლაბრის მოედნიდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე მონაკვეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მიმდინარე წლის 1 ივნისიდან ახორციელებს. პროექტი ნ. ირბახის, ა. წურწუმიას, ავლიპ ზურაბიშვილის ქუჩების სრულ, ხოლო თელავის ქუჩის მონაკვეთის კაპიტალურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. 2,2 კილომეტრიან მონაკვეთზე მოეწყობა ტროტუარები ახალი ბაზალტის ბორდიურებით, დაიგება გზის სრულიად ახალი საფარი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს. 


ამ ეტაპზე, უკვე დასრულებულია სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია - ზურაბიშვილის ქუჩასა და ირბახის ქუჩის მონაკვეთზე. მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები საგზაო საფარის მოსაწყობად.



ავტორი: MediaMall.ge