საქართველოში ვიზიტი არის თქვენი რეფორმების და მთლიანად „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ იდეის მხარდაჭერის მანიფესტაცია - მარგო ვალსტრომი
ამობეჭდვა · 2017-11-14 16:18:00 · 100 ნახვა

„პოლონეთისა და შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოში  ვიზიტი არის საქართველოს  რეფორმების და მთლიანად „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ იდეის მხარდაჭერის მანიფესტაცია“- ამის შესახებ  შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგოტ ვალსტრომმა პოლონელ კოლეგასთან ერთად თბილისში მიმდინარე ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.  სამი ქვეყნის - საქართველოს, შვედეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა. მარგო ვალსტრომმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ ვიზიტს საქართველოში  ევროკავშირის მხარდაჭერის  მნიშვნელოვანი და მკვეთრი გზავნილი უწოდა.


მან ისაუბრა საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლზე, როგორც რეგიონის მრავალფეროვან კულტურათა  და  ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებისთვის შესანიშნავ სივრცეზე, რაც თავის მხრივ რეგიონში სტაბილურობას და მშვიდობიან დიალოგს შეუწყობს ხელს.


„შვედეთი გააგრძელებს საქართველოს ევროპული მისწრაფების და ევროკავშირში უწყვეტი ინტეგრაციის ძალიან მტკიცე მხარდაჭერას. საქართველო, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  პროგრესული წევრი, სამაგალითოა რეგიონში დემოკრატიული რეფორმებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით. საქართველო უაღრესად წარმატებულია ამ მიმართულებებით, რაც აღიარებული იქნა ჩვენს ანგარიშებშიც, რომლებსაც ვახორციელებთ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის კუთხით ვითარების შეფასებისთვის. თქვენ ამ თვალსაზრისით დიდი გზა გაიარეთ და ძალიან კარგი მაჩვენებელი გაქვთ“-აღნიშნა შვედეთის სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.


მარგო ვალსტრომის  განცხადებით  საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები, არამარტო ევროკავშირის ანგარიშებში ჰპოვებს აღიარებას, არამედ ქვეყნის შიგნით, ქართველი ხალხიც გრძნობს ხელშესახებ შედეგებს. მან ამის ნათელ დასტურად საქართველოს მოსახლეობის ევროინტეგრაციის მიმართ ურყევი მხარდაჭერაში დაასახელა. შვედეთის სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის აზრით მთავრობისა და ხალხის  მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდანაც მეტი ჩართულობის წინაპირობას წარმოადგენს.


შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შვედეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ.



ავტორი: MediaMall.ge