თბილისის ბაგა-ბაღების ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა
ამობეჭდვა · 2017-11-14 16:52:21 · 315 ნახვა

„ჩემი ინიციატივით, გუშინ მივმართე ქალაქ თბილისის ახალ მერს, ბატონ კახი კალაძეს და პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა“, - ეს განცხადება ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა, თემურ თორდინავამ გააკეთა.  

თემურ თორდინავამ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერის შემდეგ „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა, რომ ბაგა-ბაღების სააგენტოში ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა, ახალი ენერგიაა საჭირო სააგენტოს მუშაობაში.

„ამ ეტაპზე მე ვფიქრობ, რომ აღნიშნულ სფეროს ახალი ენერგია, ახალი ინიციატივები და ახალი მიდგომები სჭირდება“, - განაცხადა თორდინავამ.

ბაგა-ბაღების ყოფილმა ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ მომავალ საქმიანობაზე განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალ ხელმძღვანელად კახაბერ გვანცელაძე ინიშნება. ამის შესახებ ინფორმაცია imedinews-ს წყარომ დაუდასტურა.



ავტორი: mediamall.ge